გენოციდი

ბულგარეთის პარლამენტმა ჰოლოდომორი უკრაინელი ხალხის გენოციდად აღიარა

ბულგარეთის პარლამენტმა 1932-1933 წლებში მომხდარი ჰოლოდომორი უკრაინელი ხალხის გენოციდად აღიარა. ამის შესახებ ინფორმაციას Ukrayinska Pravda ავრცელებს. 

პარლამენტის წევრთა გადაწყვეტილებით, ბულგარეთში ნოემბრის ბოლო შაბათი ჰოლოდომორის მსხვერპლთა ხსოვნის დღედ გამოცხადდა. გადაწყვეტილებას მხარი 134-მა პარლამენტარმა დაუჭირა. წინააღმდეგი იყო 26. 

უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ ბულგარეთის პარლამენტს მადლობა საჯაროდ გადაუხადა. 

"მადლობელი ვარ, რომ ბულგარეთის პარლამენტმა 1932-1933 წლებში მომხდარი ჰოლოდომორი უკრაინელი ხალხის გენოციდად აღიარა. ეს ნაბიჯი ჰოლოდომორის მილიონობით მსხვერპლის ხსოვნას პატივს მიაგებს და ისტორიულ სამართლიანობას აღადგენს. ბულგარეთის სოლიდარობის ჟესტი ყოველთვის ემახსოვრება უკრაინას". - წერს ზელენსკი Twitter-ზე. 


რა იყო ჰოლოდომორი?

ჰოლოდომორი უხეშად ითარგმნება როგორც შიმშილით სიკვდილი, რომელმაც 1932-33 წლებში უკრაინაში დაახლოებით ოთხი მილიონი ადამიანი იმსხვერპლა.

1932 წლის ნოემბერში საბჭოთა ლიდერმა სტალინმა გაგზავნა პოლიცია, რათა ამოეღო მარცვლეული და პირუტყვი ახლად კოლექტივირებული უკრაინული ფერმებიდან, მათ შორის თესლი, რომელიც საჭირო იყო შემდეგი მოსავლისთვის. შედეგად, მილიონობით ადამიანი დაიღუპა.

2006 წელს უკრაინის პარლამენტმა ჰოლოდომორი უკრაინელი ხალხის წინააღმდეგ გენოციდად შეაფასა.

რუსეთი კატეგორიულად უარყოფს გენოციდს და ამბობს, რომ 1930-იანი წლების დასაწყისში საბჭოთა კავშირში დიდი შიმშილის მსხვერპლნი იყვნენ არა მხოლოდ უკრაინელები, არამედ რუსები, ყაზახები, გერმანელები და სხვები.

კომენტარები