გენოციდი

ევროპულმა პარლამენტმა ჰოლოდომორი უკრაინელების გენოციდად აღიარა

ევროპულმა პარლამენტმა 15 დეკემბერს მიღებული რეზოლუციით, ჰოლოდომორი საბჭოთა კავშირის მიერ უკრაინელი ხალხის წინააღმდეგ გენოციდად აღიარა.

ევროპული პარლამენტის მიერ მიღებულ რეზოლუციას მხარი 507-მა დეპუტატმა დაუჭირა, 12 იყო წინააღმდეგი, 17-მა კი თავი შეიკავა ხმის მიცემისგან. 

"ვგმობთ ამ ქმედებებს, რომლებმაც მილიონობით უკრაინელის სიცოცხლე შეიწირა და მოვუწოდებთ ყევლა სახელმწიფოსა და ორგანიზაციას, რომლებსაც ჯერ ეს არ გაუკეთებიათ, აღნიშნული მოვლენა გენოციდად აღიარონ". – წერია ევროპული პარლამენტის რეზოლუციაში.

ევროპული პარლამენტი მოუწოდებს საბჭოთა კავშირის მემკვიდრე რუსეთის ფედერაციას, ჰოლოდომორისა და საბჭოთა კავშირის ტოტალიტარული რეჟიმის მიერ ჩადენილი სხვა დანაშაულებისთვის ბოდიში მოიხადოს.

ჰოლოდომორი უკვე 23 ქვეყნის პარლამენტს აქვს გენოციდად აღიარებული. ბოლო იყო გერმანია, რომელმაც აღნიშნული მიმდინარე წლის 30 ნოემბერს აღიარა. 

რა იყო ჰოლოდომორი?

ჰოლოდომორი უხეშად ითარგმნება როგორც შიმშილით სიკვდილი, რომელმაც 1932-33 წლებში უკრაინაში დაახლოებით ოთხი მილიონი ადამიანი იმსხვერპლა.

1932 წლის ნოემბერში საბჭოთა ლიდერმა სტალინმა გაგზავნა პოლიცია, რათა ამოეღო მარცვლეული და პირუტყვი ახლად კოლექტივირებული უკრაინული ფერმებიდან, მათ შორის თესლი, რომელიც საჭირო იყო შემდეგი მოსავლისთვის. შედეგად, მილიონობით ადამიანი დაიღუპა.

2006 წელს უკრაინის პარლამენტმა ჰოლოდომორი უკრაინელი ხალხის წინააღმდეგ გენოციდად შეაფასა.

რუსეთი კატეგორიულად უარყოფს გენოციდს და ამბობს, რომ 1930-იანი წლების დასაწყისში საბჭოთა კავშირში დიდი შიმშილის მსხვერპლნი იყვნენ არა მხოლოდ უკრაინელები, არამედ რუსები, ყაზახები, გერმანელები და სხვები.

კომენტარები