გენოციდი

ხვადაგიანი: თაობის ვალია, ისტორიული სამართლიანობა აღვადგინოთ, ითქვას, რატომაა რუსეთი მტერი

14 წელი ხდება, რაც აგვისტოს ომი მოხდა საქართველოში და დღესაც კი მოიძებნებიან მთავრობაში ადამიანები, რომლებიც თვლიან, რომ აგვისტოს ომის დროს საქართველომ დააშავა, საქართველოს ბრალი იყო და არა რუსეთის.

ამ სიტუაციაში, როდესაც რუსეთის პროპაგანდა ასე მუშაობს, განსაკუთრებით მნიშვნელოვანია 14 კი არა 30 წლით უკან გავიხედოთ და ვნახოთ რა მოხდა აფხაზეთში, როდესაც რუსეთის წინაშე მარტონი ვიყავით, მაშინ არც ნატო-ზე იყო საუბარი, არც ევროკავშირისკენ სწრაფვაზე, მიუხედავად ამისა, რუსეთმა აფხაზეთში ქართველების გენოციდი მოაწყო.

ამ საკითხე ახლა საუბარი ძალიან მნიშვნელოვანია, რადგან მაშინ, როდესაც დევნილები ასეთ მძიმე ამბავს გამოექცნენ და დანარჩენ საქართველოში ჩამოვიდნენ, აქ ისე არ დავხვდით, როგორც საჭირო იყო. შესაბამისად, ჩვენ თაობას გარკვეული ვალი გვაქვს - ისტორიული სამართლიანობა აღვადგინოთ და ყველაფერს დავარქვათ თავისი სახელი - ვთქვათ, რატომაა რუსეთი ჩვენი მტერი, რა დააშავა მან ქართველების წინაშე და შესაბამისად, 7 აგვისტოს ფილმის ჩვენება, რომელი 21:00 საათზე გაიმართება, ამას ემსახურება. ჩვენ გვინდა დავიწყოთ გენოციდის აღიარების კამპანია და გავაგებინოთ, როგორც ქვეყანის შიგნით, ისე გარეთაც, როგორ დავშავდით რუსეთის აგრესიით.

ფილმი შეეხება აფხაზეთში ქართველების გენოციდს და ასევე იქნება აგვისტოს ომის კონტექსტიც - ზოგადად რუსეთის და მისი კონტროლირებადი დანაშაულებრივი ჯგუფების დანაშაულებებზე.

ამბობს თავისუფლების ინსტიტუტის დირექტორი სალომე ხვადაგიანი. "იმოქმედე გენოციდის აღიარებისთვის" – 7 აგვისტოს, 21:00-ზე, რუსეთ-საქართველოს ომის 14 წლის თავზე რუსთაველის გამზირზე, პირველი სკოლის წინ აქცია გაიმართება. ორგანიზატორები არიან ტაბულა, ევროპული საქართველო, ამომრჩეველთა განათლების საზოგადოება, თავისუფლების ინსტიტუტი და აფხაზთა კრება. აქციაზე აჩვენებენ ფილმს, რომელიც ასახავს რუსეთის მიერ აფხაზეთში კაცობრიობის წინაშე ჩადენილ დანაშაულებებს.

კომენტარები