ალეკ ბოლდუინი

ალეკ ბოლდუინს დაუდევრობით სიცოცხლის მოსპობის მუხლით პროკურატურამ ბრალი წარუდგინა

ABC

ნიუ-მექსიკოს პროკურატურამ მსახიობ ალეკ ბოლდუინსა და იარაღის ოსტატ ჰანა გუტიერეს რიდს გაუფრთხილებლობით სიცოცხლის მოსპობის მუხლით ბრალი წარუდგინა. 

"არავინ დგას კანონზე მაღლა და ყველა იმსახურებს სამართლიანობას". – აღნიშნა სანტა-ფეს ოლქის პროკურორმა, მერი კარმაკ-ალტვისმა.

ბრალის დამტკიცების შემთხვევაში ბოლდუინსა და რიდს 18 თვემდე პატიმრობა და $5000-ის ოდენობით ჯარიმა ემუქრებათ. გარდა ამისა, პროკურორების თქმით, შემთხვევას ნაფიც მსაჯულთა სასამართლო განიხილავს.

მიუხედავად იმისა, რომ სროლის შედეგად რეჟისორი ჯოელ სოუსაც დაიჭრა, პროკურორები აღნიშნავენ, რომ რიდსა და ბოლდუინს ბრალს დამატებით ამ შემთხვევის გამო არ წაუყენებენ. 


2021 წლის 22 ოქტომბერს, ქალაქ სანტა-ფეში, ვესტერნ Rust-ის გადასაღებ მოედანზე უბედური შემთხვევა მოხდა. მსახიობ ალეკ ბოლდუინის მიერ გასროლილ იარაღს, 42 წლის ოპერატორის, ჰალინა ჰატჩინსის სიცოცხლე შეეწირა, ასევე დაშავდა რეჟისორი ჯოელ სოუსა.

ალეკ ბოლდუინმა Rust-ის გადამღები ჯგუფის წევრებს სასამართლოში გასული წლის ნოემბერში უჩივლა. მსახიობის თქმით, მათ დაუდევრობას ოპერატორის, ჰალინა ჰატჩინსის სიცოცხლე შეეწირა.

საჩივარში გადამღები ჯგუფის ოთხი წევრის სახელი ფიგურირებდა: იარაღის სპეციალისტი ჰანა გუტიერეს რიდი, მისი ასისტენტი სეტ კენი, რეკვიზიტორი სარა ზაჰრი და რეჟისორის ასისტენტი დევიდ ჰოლსი. მსახიობი ასევე უჩიოდა ბუტაფორიული ვაზნების მომწოდებელ კომპანიასაც.

უბედური შემთხვევიდან ცოტა ხანში ბოლდუინის წინააღმდეგ საჩივარი ასევე ჰალინა ჰატჩინსის ოჯახმა შეიტანა, თუმცა საქმე სასამართლო განხილვამდე არ მისულა. მსახიობმა ჰატჩინსის ოჯახთან შეთანხმებას მიაღწია.

კომენტარები