თურქეთი-შვედეთი

ჩავუშოღლუ: თურქეთი ფინეთის NATO-ში გაწევრიანებას შვედეთისგან დამოუკიდებლად განიხილავს

30 იანვარს თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, მევლუთ ჩავუშოღლუმ თქვა, რომ თურქეთი ფინეთის NATO-ში გაწევრიანებას შვედეთისგან დამოუკიდებლად განიხილავს. მინისტრის კომენტარი სტოკჰოლმში იმ საპროტესტო აქციებს მოჰყვა, რომელზეც დემონსტრანტმა ყურანი დაწვა.

"სამართლიანი მიდგომაა პრობლემურ და ნაკლებად პრობლემურ ქვეყანას შორის განსხვავების დადგენა. ჩვენ შეგვიძლია ცალ-ცალკე განვიხილოთ [ფინეთის და შვედეთის] განაცხადები წევრობასთან დაკავშირებით". - თქვა ჩავუშოღლუმ.

ფინეთმა და შვედეთმა NATO-ს წევრობის შესახებ განაცხადი გასულ წელს, რუსეთის მიერ უკრაინაში შეჭრის შემგედ შეიტანეს. ქვეყნების გაწევრიანებისთვის ყველა წევვრის თანხმობაა საჭირო. თანხმობის რატიფიცირება ამ დრომდე მხოლოდ თურქეთსა და უნგრეთს არ მოუხდენიათ.

"თურქეთი არასდროს არის NATO-ს გაფართოვების წინააღმდეგი [...] მაგრამ შვედეთის მიერ გასულ წელს ხელმოწერილი სამმხრივი შეთანხმების მიხედვით გადადგმული ნაბიჯები საკმარისი არ არის"- თქვა ჩავუშოღლუმ.

გასულ კვირას, სტოკჰოლმში გამართულ აქციაზე, სადაც შვედეთის ულტრამემარჯვენე პარტია ქვეყნის NATO-ში გაწევრიანების ინიციატივას აპროტესტებდა, ერთ-ერთმა პოლიტიკოსმა ყურანი დაწვა. აქცია თურქეთის საელჩოსთან მიმდინარეობდა. 

"გასაგები უნდა იყოს, რომ მათ, ვინც ჩვენი ქვეყნის საელჩოს წინ მსგავსი საზიზღარი სცენა მოაწყო, ჩვენგან კეთილგანწყობას არ უნდა ელოდოს". - თქვა თურქეთის პრეზიდენტმა, რეჯეფ თაიფ ერდოღანმა.

კომენტარები