რუსეთ-უკრაინის 2022-24 წლის ომი

ISW: პრიგოჟინის გირკინზე თავდასხმამ, შესაძლოა, პუტინს სარგებელი მოუტანოს

ამერიკული სამხედრო ანალიტიკური ცენტრის, ომის კვლევის ინსტიტუტის (ISW) 26 იანვრის ანგარიშის მიხედვით, კერძო სამხედრო კომპანია ვაგნერის ჯგუფის დამფუძნებლის, ევგენი პრიგოჟინისა და რუსი ულტრანაციონალისტის, იგორ გირკინის (სტრელკოვი) დაპირისპირებამ, შესაძლოა, რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტს, ვლადიმირ პუტინს სარგებელი მოუტანოს. 

პრიგოჟინსა და გირკინს შორის დაპირსიპირება მას შემდეგ დაიწყო, რაც ამ უკანასკნელმა ვაგნერის დამფუძნებელზე თქვა, რომ მისი წარსულის მქონე ადამიანი რუსულ საჯარო სივრცეში არ უნდა დაუშვან. ამ სიტყვებს მოჰყვა ვაგნერელების მიერ გირკინის მიმართ კრიტიკა და მუქარა. თავად გირკინმა აღნიშნა, რომ ერთმანეთისგან მიჯნავს ვაგნერის მებრძოლებსა და მეთაურობას. მან კერძო სამხედრო კომპანიას ეფექტიანი უწოდა, თუმცა აღნიშნა, რომ მათი უკეთესად გამოყენებაც შეიძლება. ამის შემდეგ პრიგოჟინმა გირკინი ფრონტის ხაზზე, ვაგნერის ჯგუფში გასაწევრიანებლად მოიწვია. ამ უკანასკნელს მოწვევის ფორმა არ მოეწონა და აღნიშნა, რომ მსგავსი შეთავაზებები მედიის საშუალებით არ უნდა კეთდებოდეს. პრიგოჟინმა "გამონაკლისი დაუშვა" და თქვა, რომ რუსი ულტრანაციონალისტისთვის საკუთარ წარმომადგენელს გამოყოფს. გირკინი ამბობს, რომ სანამ იგი წარმომადგენელს არ შეხვდება, ამ საკითხზე კომენტარს არ გააკეთებს. 

პრიგოჟინი გირკინს ვაგნერში ეპატიჟება, მაგრამ გირკინი მოწვევის ფორმით უკმაყოფილოა

ISW საკუთარ ანგარიშში ამ დაპირსპირებას პოლიტიკური გავლენების ზრდის სურვილით ხსნის. როგორც კვლევითი ცენტრი წერს, რუსი ნაციონალისტები, რომლებიც თავდაცვის სამინისტროს ომის წარმოების გამო აკრიტიკებენ, დაყოფილი არიან სამ ჯგუფად: რუსეთის ან მათი მარიონეტული ძალების ვეტერანები, ნაციონალისტები საკუთარი ძალებით და რუსი სამხედრო კომენტატორ-ბლოგერები. როგორც ანგარიშშია აღნიშნული, გირკინი ვეტერანთა ჯგუფს წარმოადგენს, რადგან მას აქვს კავშირი მთელი რუსეთის ოფიცერთა ასამბლეასთან. რაც შეეხება პრიგოჟინს, ის არის თვითგამოცხადებული ნაციონალისტი, რომელსაც საკუთარი სამხედრო სტრუქტურა აქვს. მიუხედავად იმისა, რომ ორივე მათგანი უარყოფს პოლიტიკური ამბიციების არსებობას, პრიგოჟინიც და გირკინიც აქტიურად აკრიტიკებდნენ რუსეთის თავდაცვის სამინისტროს, რათა საზოგადოებაში საკუთარი ძალაუფლება განემტკიცებინათ.

როგორც ანგარიშშია ხაზგასმული, პრიგოჟინი და გირკინი ერთმანეთს ეჯიბრებიან, რათა კრემლის ნაციონალისტი პოლიტიკოსების პატრონაჟი და კეთილგანწყობა მოიპოვონ. მაგალიტად, პრიგოჟინს კავშირი აქვს პარტიის, სამართლიანი რუსეთი - სიმართლისთვის, წევრებთან და სახელმწიფო დუმის თავმჯდომარესთან, ვიაჩესლავ ვოლოდინთან, რომელსაც ვაგნერის მოქირავნეების ლეგალიზაციას სთხოვს. ISW აღნიშნავს, რომ გირკინს ვოლოდინთან და მსგავს ნაციონალისტებთან ურთიერთობა გაუფუჭდა და შეიძლება შეწუხებულია იმით, რომ აღარ აქვს ის პოლიტიკური გავლენა, რომელიც 2014 წელს ყირიმის ანექსიისა და დონბასში ომის დაწყების დროს ჰქონდა.

პრიგოჟინი გირკინს: თუ უაზროდ ჩაისვარეთ და უკან იხევთ, ნუღარ შეგვაწუხებთ, მშვიდად მუშაობის შესაძლებლობა მოგვეცით

როგორც ISW წერს, გირკინზე პრიგოჟინის თავდასხმამ, შესაძლოა, ვლადიმირ პუტინს სარგებელი მოუტანოს. ანგარიშშ აღნიშნულია, რომ პრიგოჟინი რუსეთის საინფორმაციო სივრცეში გავლენიანი პირია, სამხედრო ბლოგერები კი გირკინს საბრძოლო გამოცდილების არქონასა და სიმხდალეში სდებდნენ ბრალს. პრიგოჟინი შესაძლოა გირკინისთვის ძირის გამოთხრას ცდილობს, რათა ნაციონალისტთა წრეებში გავლენა მოიპოვოს, პარალელურად კი, შესაძლოა, გაუცნობიერებლად, პუტინის ერთ-ერთ მნიშვნელოვან კრიტიკოსს დისკრედიაცია გაუწიოს.

ამას გარდა, ISW აღნიშნავს, რომ პრიგოჟინი შესაძლოა საკუთარი გავლენის ზრდას ცდილობდეს, რათა გირკინის ბედი არ გაიზიაროს. მას შემდეგ, რაც დონბასის ომის დროს გირკინის ძალებმა ქალაქი სლოვიანსკი დატოვეს და ასევე 2014 წლის 17 ივლისს მალაიზიის ავიახაზების თვითმფრინავის ჩამოგდებაშიც მონაწილეობდნენ, კრემლმა ის ჩამოიცილა. გირკინი თვითგამოცხადებული დონეცკის სახალხო რესპუბლიკის ე.წ. თავდაცვის მინისტრის თანამდებობებიდან 2014 წლის აგვისტოში მოხსნეს და მას შემდეგ კრემლში გავლენას ვეღარ იღდგენს. რაც შეეხება პრიგოჟინს, ის კრემლსა და რუსულ საზოგადოებაში მხარდამჭერთა საფუძვლის შექმნას ცდილობს, რათა ქვეყნის საშინაო საქმეებში საკუთარი პოზიცია გაამყაროს.

კომენტარები