რუსეთ-უკრაინის 2022-24 წლის ომი

პრიგოჟინი გირკინს ვაგნერში ეპატიჟება, მაგრამ გირკინი მოწვევის ფორმით უკმაყოფილოა

რუსი ოლიგარქი და კერძო სამხედრო კომპანია ვაგნერის ჯგუფის დამფუძნებელი ევგენი პრიგოჟინი რუს ულტრანაციონალისტ სამხედრო კომენტატორსა და ომის დამნაშავე იგორ გირკინს (სტრელკოვი) ფრონტის ხაზზე, ვაგნერში გასაწევრიანებლად ეპატიჟება, თუმცა გირკინი მოწვევის ფორმით უკმაყოფილოა.

პრიგოჟინმა ამის შესახებ საკუთარი კომპანია კონკორდის პრესცენტრის მიერ სოციალურ ქსელ ВКонтакте-ში გამოქვეყნებულ პოსტში ისაუბრა

აქამდე გირკინმა პრიგოჟინთან დაკავშირებით თქვა, რომ "მისი კრიმინალისა და მოსამსახურის" ფონის მქონე პირი "რუსეთის საჯარო სივრცემდე არ უნდა მიუშვან". ამას გარდა, გირკინმა აღნიშნა, რომ ის ერთმანეთისგან მიჯნავს ვაგნერის ჯგუფის ხელმძღვანელობასა და მებრძოლებს და მათ "მხოლოდ წარმატებებს" უსურვებს. მისი აზრით, ვაგნერი კარგი ქვეითი მოიერიშე რაზმია, თუმცა მათი უფრო ეფექტიანი გამოყენებაც შესაძლებელი იქნებოდა.

გირკინის ამ სიტყვებთან დაკავშირებით პრიგოჟინს შეკითხვა რუსულმა მედია НСН-მა დაუსვა. პასუხად რუსმა ოლიგარქმა თქვა, რომ გირკინს პირადად არ იცნობს და მასთან შეხება მის წარმომადგენელს, ანდრეი ტროშევს ჰქონდა. მისი თქმით, ტროშევი რუს ულტრანაციონალისტს რამდენჯერმე შეხვდა და კერძო სამხედრო კომპანია ვაგნერის ჯგუფის კრიტიკის შეწყვეტის სანაცვლოდ "მცირე ანაზღაურება" შესთავაზა. ვაგნერის დამფუძნებლის თქმით, მისი კრიტიკა წევრებისთვის საზიანო იყო.

ამას გარდა, პრიგოჟინის მტკიცებით, პოლიტიკური ამბიციები არ გააჩნია და ყველაფერს, რასაც აკეთებს, აკეთებს საკუთარი კომპანიისთვის, რომელშიც "რუსული პატრიოტიზმი უნდა იყოს ჩადებული".

პრიგოჟინი წერს, რომ "გირკინთან საკმაოდ ნეგატიური დამოკიდებულების" მიუხედავად, ვაგნერის საბრძოლო მეთაურებს ესაუბრა და დაარწმუნა საკუთარ გადაწყვეტილებაში, რომ იგორ გირკინი კერძო სამხედრო კომპანიაში მოიწვიონ. მისივე თქმით, "ლაპარაკიდან ქმედებაზე გადასვლის დროა".

"მე, როგორც კერძო სამხედრო კომპანია ვაგნერის უფროსი მეთაური, ბატონ გირკინს ვეპატიჟები ფრონტზე, რათა შევამოწმოთ მისი პოზიციის სისწორე და გამოვიყენოთ, როგორ თავად განაცხადა, მისი სამხედრო გამოცდილება. ვთავაზობ ლუგანსკის სახალხო რესპუბლიკის ტერიტორიაზე გამოცხადებას, რათა, მისი კომპეტენციის შესაბამისად, ერთ-ერთი მოიერიშე დანაყოფის ხელმძღვანელის თანამდებობაზე დავნიშნო. რა თქმა უნდა, მას მაღალ თანამდებობას ვერავინ შესთავაზებს, რადგან ამსთვის აუცილებელია საკუთარი შესაძლებლობების ჩვენება. ლაპარაკიდან ქმედებაზე გადასვლის დროა". – თქვა პრიგოჟინმა. 

პრიგოჟინის სიტყვებს იგორ გირკინმა საკუთარ ტელეგრამ-არხზე უპასუხა და მოწვევის ფორმა დაიწუნა. გირკინის თქმით, მსგავსი შემოთავაზებები მედიის მეშვეობით არ უნდა კეთდებოდეს და არანაირი კონკრეტული წინადადება ჯერჯერობით არ მიუღია. ამას გარდა, მისი თქმით, ოკუპირებულ ლუგანსკში გადასვლა მხოლოდ შეთავაზებისთვის, რომელზეც შესაძლოა უარი უთხრან, არ სურს.

"მიმაჩნია, რომ მსგავსი წინადადებები საჯარო მედიით არ უნდა კეთდებოდეს. მაშინ, რადგან ეს უკვე გამოცხადებულია, [შეთავაზებას] ზურგს უნდა უმაგრებდეს და ავითარებდეს მოლაპარაკებები ნორმალურ რეჟიმში, ე.ი. კერძო სამხედრო კომპანია ვაგნერის ოფიციალური წარმომადგენლების შუამავლობით, რომლებიც მოსკოვში (ან პეტერბურგში მაინც), ვფიქრობ, საკმარისზე მეტი არიან. ჯერჯერობით, არ მიმიღია კონკრეტული შეთავაზება. შემიძლია მხოლოდ ვთქვა, რომ მზად ვიქნები შეთავაზება ზემოხსენებული ვარიანტის შესაბამისად, კერძო სამხედრო კომპანიის სამხედრო თანამშრომლებთან მოლაპარაკებით განვიხილო. არც მეტი, არც ნაკლები.

ჩემი ტელეფონის ნომერი ცნობილია რუსეთის ფედერაციის ნახევარი მედიაჰოლდინგებისთვის, ბატონი პრიგოჟინისა და მისი აპარატისთვის მისი გარკვევა რთული არ იქნება. ლსრ-ში (იქ გასული წლის ნოემბრის ბოლოს ვიყავი) წასვლა მხოლოდ იმიტომ, რომ მოვუსმინო შეთავაზებას, რომელზეც შეიძლება უარი მითხრან, აშკარად მიუღებელია, მზად არ ვარ". – უპასუხა გირკინმა პრიგოჟინს.

აღსანიშნავია, რომ 2022 წლის 15 დეკემბერს იგორ გირკინის ცოლმა გამოაქვეყნა ქმართან გადაღებული ფოტო, რომელშიც რუსი ულტრანაციონალისტი სამხედრო ფორმაში გამოწყობილი იყო, რაც იმაზე მიუთითებდა, რომ გირკინი უკრაინის წინააღმდეგ საომრად მიდიოდა. რამდენიმე ხნის შემდეგ, გირკინმა თქვა, რომ მოსკოვში იმყოფება, რადგან ომში ჩართვა მესამე მცდელობის შემდეგაც ვერ შეძლო, თუმცა საკმაოდ ახლოს იყო. 

გასულ წელს გირკინის ტყვედ აყვანის სანაცვლოდ უკრაინელი აქტივისტების ჯგუფებმა $50 000-იანი ჯილდო დააწესეს. შემდეგში უკრაინის სამხედრო დაზვერვამაც გამოაცხადა, რომ დატყვევებული გირკინის სანაცვლოდ $100 000-ს გადაიხდიდნენ.

კომენტარები