ფინანსთა მინისტრი

ხუციშვილი სანქციებზე: ბოლო 11 თვეში საბაჟომ 1000-ზე მეტი ოპერაცია შეაჩერა

ფინანსთა მინისტრმა, ლაშა ხუციშვილმა მთავრობის სხდომის შემდეგ გამართულ ბრიფინგზე აღნიშნა, რომ 2022 წლის 24 თებერვლის შემდეგ, სანქციების დარღვევის რისკის გამო, საბაჟო სამსახურმა 1 000-ზე მეტი ოპერაცია შეაჩერა, ხოლო ამავე მიზეზით შემოსავლების სამსახურს 500-ზე მეტჯერ მიმართეს. 

მინისტრის განმარტებით, შეჩერებული ტრანზაქციები მოიცავდა სხვადასხვა ტიპის ოპერაციას, მათ შორის, ექსპორტს, რეექსპორტს, სრულად ტრანზიტს და ძირითადად ეხებოდა სანქციების სიაში არსებულ საყოფაცხოვრებო საქონელს და არა სამხედრო ან ორმაგი დანიშნულების ტვირთს, რომელთა გადატანას სახელმწიფო ნებართვა სჭირდება. 

"არის შემთხვევები, როცა მათ შორის არ არის უშუალოდ გამომგზავნი ევროკავშირის ქვეყანა, მაგრამ საქონელი არის წარმოშობით ევროკავშირის ან აშშ-ის წარმოშობის და მისი გადაადგილება ხდება საქართველოს ტერიტორიაზე. ბუნებრივია, წარმოშობიდან გამომდინარე, ამ საქონელზეც ცალკე კონტროლი ხორციელდება. ამ მიმართულებით ბევრი რისკის პროფილია შექმნილი საბაჟო სამსახურში, რომელიც უშუალოდ არის ჩართული ასეთი ტიპის საქონლის კონტროლთან მიმართებაში, ასევე ცალკე პროფილია იმ პირებზე, ვინც არიან შესული სანქციების სიაში და ამაზე ცალკე კონტროლი ხორციელდება". – თქვა ფინანსთა მინისტრმა.

ამას გარდა, მისივე მტკიცებით, შეჩერებული ოპერაციები მოიცავდა როგორც ევროკავშირი-რუსეთის მარშრუტის ტვირთს, აგრეთვე, რუსეთი-ევროკავშირის მიმართულებით ოპერაციებს. 

"აღსრულების პროცესი კონტროლდება ძალიან მკაცრად. მე შემიძლია ვთქვა რომ არა მხოლოდ რეგიონში, არამედ მათ შორის ევროკავშირის ბევრ ქვეყანაშიც შესაძლებელია, ასეთი ტიპის კონტროლი ვერ ხორციელდებოდეს ტვირთებთან მიმართებით, როგორც ხორციელდება საქართველოში. ამ მიმართულებით ვერანაირი კითხვები ვერ იქნება გაჩენილი, რომ საქართველოში სანქციები აღსრულება არ ხდება ჯეროვნად". – თქვა ფინანსთა მინისტრმა ბრიფინგზე. 

გარდა ამისა, ხუციშვილმა აღნიშნა, რომ საბაჟო სამსახურს 2 სერტიფიცირებული ექსპერტი ჰყავს, რომლებიც სანქციების აღსრულების მიმართულებით მუშაობენ. 

"მათზე კვალიფიციურად პასუხს ვერავინ გასცემს კონკრეტულ ტრანზაქციასთან მიმართებაში, არის თუ არა სანქცირებული". – თქვა ფინანსთა მინისტრმა. 

აღსანიშნავია, რომ 18 იანვარს CNN-ის ჟურნალისტმა, ქრისტიან ამანპურმა, ევროკომისიის პრეზიდენტ, ურსულა ფონ დერ ლაიენთან ინტერვიუში რუსეთის წინააღმდეგ არსებული სანქციების საკითხი განიხილა და აღნიშნა, რომ საქართველოს გავლით სანქცირებული საქონელი რუსეთში მაინც ხვდება.

"თქვენ რუსეთს სანქციების სერია დაუწესეთ, მაგრამ ჩვენამდე აღწევს ინფორმაცია (და დარწმნუნებული ვარ, ის თქვენამდეც მოვიდოდა), რომ აკრძალული საქონელი სანქციებისთვის გვერდის ავლით მაინც მიეწოდება რუსეთს. განსაკუთრებით, თუ უკანასკნელ ცნობებს დავუჯერებთ, საქართველოს გზით. როგორ უნდა შეაჩერო სანქცირებული რუსეთი, რათა არ მიიღოს ის, რაც სჭირდება?" - ჰკითხა ჟურნალისტმა ევროკომისიის პრეზიდენტს.

კომენტარები