EU-ს სანქციები რუსეთის წინააღმდეგ

CNN-ის ჟურნალისტმა ინტერვიუში სანქციებისთვის გვერდის ავლის მაგალითად საქართველო მოიყვანა

 

CNN-ის ჟურნალისტმა, ქრისტიან ამანპურმა, ევროკომისიის პრეზიდენტ, ურსულა ფონ დერ ლაიენთან ინტერვიუში რუსეთის წინააღმდეგ არსებული სანქციების საკითხი განიხილა. 

ჟურნალისტის თქმით, ვითარება აჩვენებს, რომ სანქცირებული საქონელი მაინც ხვდება რუსეთში, განსაკუთრებით, უკანასკნელ ცნობებს თუ დავუჯერებთ, საქართველოს გავლით. 

"თქვენ რუსეთს სანქციების სერია დაუწესეთ, მაგრამ ჩვენამდე აღწევს ინფორმაცია (და დარწმნუნებული ვარ, ის თქვენამდეც მოვიდოდა), რომ აკრძალული საქონელი სანქციებისთვის გვერდის ავლით მაინც მიეწოდება რუსეთს. განსაკუთრებით, თუ უკანასკნელ ცნობებს დავუჯერებთ, საქართველოს გზით. როგორ უნდა შეაჩერო სანქცირებული რუსეთი, რათა არ მიიღოს ის, რაც სჭირდება"? - ჰკითხა ჟურნალისტმა ევროკომისიის პრეზიდენტს. 

ურსულა ფონ დერ ლაიენმა სანქციებისთვის გვერდის ავლის ხელშეწყობას მიუღებელი უწოდა და თქვა, რომ სანქციების მეათე პაკეტი ამ ხარვეზების აღმოფხვრაზე იქნება ორიენტირებული. 

"დიახ, რუსეთის წინააღმდეგ ჩვენ უკვე დავაწესეთ სანქციების 9 პაკეტი. ისინი ასუსტებს რუსეთის ეკონომიკას და თანამედროვე ტექნოლოგიების გარეშე ტოვებს ქვეყანას. სანქციები მუშაობს, მაგრამ ვხედავთ მათთის გვერდის ავლის მცდელობებსაც, რაც ჩვენთვის მიუღებელია. ჩვენ ნათქვამი გვაქვს, რომ ვაპირებთ შევადგინოთ იმ ადამიანების სია, რომლებიც ევროპაში ნაყიდ საქონელს რუსეთს აწვდიან. სანქციების მეათე პაკეტი სწორედ ამ ხარვეზების აღმოფხვრაზე იქნება ორიენტირებული. შემოვლითი გზები დაიკეტება და იმ პირების ქმედებებს, ვინც რუსეთს ხელს უწყობს სანქციებისთვის გვერდის ავლაში, მძიმე შედეგები მოჰყვება". - თქვა ურსულა ფონ დერ ლაიენმა. 

კომენტარები