ფინანსთა მინისტრი

ხადური: გადასახადები არ გაიზრდება

ტაბულა

საქართველოს მთავრობა გადასახადების გაზრდას არ აპირებს, იმის მიუხედავად, რომ ეს საერთაშორისო სავალუტო ფონდის ერთ-ერთი რეკომენდაციაა. ამის შესახებ ფინანსთა მინისტრმა ნოდარ ხადურმა პარლამენტის ყოფილ შენობაში, დარგობრივი ეკონომიკისა და საბიუჯეტო კომიტეტების გაერთიანებულ სხდომაზე განაცხადა.

მისი თქმით, არასწორია იმის მტკიცება, რომ მოქმედი კანონმდებლობით მთავრობას გადასახადების გაზრდა რეფერენდუმის გარეშე არ შეუძლია. „ეკონომიკური თავისუფლების აქტი ითვალისწინებს, რომ 3 წლით საქართველოს მთავრობას შეუძლია გადასახადის გაზრდა ყველანაირი რეფერენდუმის გარეშე. მაგრამ ამას არ ვაპირებთ. პირიქით, საუბარია ლიბერალიზაციაზე, საუბარია ბიზნესის ხელშეწყობაზე. ერთადერთი გადასახადი რომელსაც ვზრდით, არის აქციზი. რომელსაც ვზრდით არა ნავთობროდუქტებზე, არამედ თამბაქოზე და ალკოჰოლურ სასმელებზე... 1 ივლისიდიან თამბაქოზე კიდევ გაიზრდება, ეს არის ჩვენი ერთ-ერთი ვალდებულება" - განაცხადა ფინანსთა მინისტრმა.

ქვეყანაში მიმდინარე ეკონომიკურ მოვლენებთან დაკავშირებით, თბილისში, პარლამენტის ყოფილ შენობაში დარგობრივი ეკონომიკისა და საბიუჯეტო კომიტეტების გაერთიანებული სხდომა მიმდინარეობს. სხდომას საქართველოს ეკონომიკისა და ფინანსთა მინისტრები, ასევე ეროვნული ბანკის პრეზიდენტიც ესწრება.

ხვალ საქართველოს პარლამენტში ეკონომიკურ საკითხებთან დაკავშირებით რიგგარეშე სხდომაც არის ჩანიშნული. რიგგარეშე სხდომა საპარლამენტო უმცირესობის მოთხოვნით, საქართველოს პრეზიდენტმა დანიშნა. თუმცა, უმრავლესობის წევრები სხდომაზე მისვლას არ აპირებენ, რის გამოც, სავარაუდოდ კვორუმი ვერ შედგება.

კომენტარები