რუსეთ-უკრაინის 2022-24 წლის ომი

პესკოვი ადასტურებს, რომ ნაწილობრივი მობილიზაციის ბრძანება კვლავ ძალაშია

დმიტრი პესკოვი

კრემლის სპიკერი, დმიტრი პესკოვი ადასტურებს, რომ რუსეთის პრეზიდენტის, ვლადიმირ პუტინის ბრძანება ე.წ. ნაწილობრივი მობილიზაციის შესახებ, კვლავ ძალაშია.

პესკოვის თქმით, ნაწილობრივი მობილიზაციის ფარგლებში მოქალაქეების ჯარში გაწვევის პროცესი დასრულებულია, თუმცა კანონი, "სამხედრო მოსამსახურეების მიერ დავალებების შესრულების" გამო, კვლავ ძალაშია. პესკოვმა არ განმარტა, თუ რა დავალებებზეა საუბარი.

"ეს დაკავშირებულია სამხედრო მოსამსახურეების მიერ დავალებების შესრულებასთან და ასე შემდეგ. ამ ნაწილში ეს (ნაწილობრივი მობილიზაციის ბრძანება) მუშაობას განაგრძობს". – თქვა პესკოვმა. 

21 სექტემბერს ვლადიმირ პუტინმა რუსეთში ნაწილობრივი მობილიზაცია გამოაცხადა. 

ნაწილობრივი მობილიზაცია გულისხმობს იმ სამხედრო მოსამსახურეების გაწვევას, ვისაც გარკვეული სამხედრო მომზადება უკვე გავლილი აქვთ. პუტინი ამბობდა, რომ სამხედროებს რეზერვიდან გაიწვევენ, პირველ რიგში, მათ, ვისაც გამოცდილება ჰქონდა. პროცესი 21 სექტემბერს დაიწყო. 

რუსი სამხედრო ასაკის მქონე ათიათასობით კაცი თავის ქვეყნიდან საქართველოში, სომხეთსა და ყაზახეთში გადავიდნენ - იმ სახელმწიფოებში, სადაც ვიზა არ სჭირდებათ. ნაწილობრივ მობილიზაციას მოჰყვა პროტესტი რუსეთის დიდ ქალაქებში. რუსეთის მასშტაბით ანტიმობილიზაციის საპროტესტო აქციებზე 2 000-ზე მეტი ადამიანი დააკავეს. შსს-ს სტატისტიკით, რუსეთიდან საქართველოში სექტემბერში 222 274 ადამიანი შემოვიდა.

სექტემბრის ბოლოს პუტინმა მობილიზაციის დროს დაშვებული შეცდომები აღიარა და მათი გადახედვა მოითხოვა. ამას გარდა, უკვე ოქტომბერში, პუტინმა მობილიზაციის პროცესის ხარისხის გაუმჯობესების აუცილებლობაზეც ისაუბრა. 

31 ოქტომბერს რუსეთში ნაწილობრივ მობილიზაციასთან დაკავშირებული ღონისძიებები დასრულებულად გამოაცხადეს.

პუტინი: ნაწილობრივმა მობილიზაციამ გარკვეული პრობლემები გამოავლინა

კომენტარები