ერთიანი ნაციონალური მოძრაობა

"არ ვუერთდებით მანკიერ დაპირისპირებას" – ზუგდიდში ენმ-ს გუნდი მხარს ნიკა მელიას უჭერს

კადრი ვიდეოდან/მთავარი

ზუგდიდში ერთიანი ნაციონალური მოძრაობის ფრაქციის წევრები პარტიის თავმდჯომარის არჩევნებში მხარს ნიკა მელიას უჭერენ. ამის შესახებ ბრიგინგზე საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილე თემურ ბასილაიამ ისაუბრა.      

თემურ ბასილაიას შეფასებით, მაშინ, როდესაც პარტია იბრძვის ქართული ოცნების წინააღმდეგ, რომელიც ევროკავშირის რეკომენდაციებს არ ასრულებს, ექსპრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი და მთავარი არხის დამფუძნებელი, ნიკა გვარამია ციხეში არიან, ენმ-ში არჩევნებს არ მიესალმებიან. ბასილაის სიტყვებით, მათ აქვთ ვალდებულება, პოლიტპატიმრებზე იფიქრონ, თუმცა, "სამწუხაროდ, დადგა სხვა რეალობა". 

"უდიდესი პატივისცემის მიუხედავად ყველა კანდიდატის მიმართ, ჩვენ არანაირი პრეტენზია არცერთთან არცერთ მიმართებაში არ გვაქვს, არანაირად არ ვუერთდებით მანკიერ დაპირისპირებას, მოსმენებს, შუღლს და ა.შ. მაგრამ ჩვენ გვაქვს ვალდებულება, მივიღოთ გადაწყვეტილება და კონკრეტულ კანდიდატს დავუჭიროთ მხარი. 

ჩვენ, ჩვენი ფრაქცია, ასევე, ჩვენი პარტიული გუნდი, რომელიც აქ იმყოფება და ჩვენს ზურგს უკან უამრავი ხალხი დგას, მხარს ვუჭერთ ნიკა მელიას კანდიდატურას, რამეთუ მიგვაჩნია, რომ მოცემული სიტუაციიდან ის არის ყველაზე გამორჩეული და ღირსეული კანდიდატი". - თქვა თემურ ბასილაიამ.  

თავმჯდომარის არჩევნებში ნიკა მელიას მხარს ასევე უჭერს ენმ-ს ბათუმის ორგანიზაცია, ქუთაისის ორგანიზაცია და ოზურგეთის ორგანიზაცია. აჭარის ორგანიზაციაში მელიას მხარდამჭერი შტაბი შეიქმნა, რომელსაც მირდატ ქამადაძე ხელმძღვანელობს.  

პარტიაში არჩევნები 28-29 იანვარს, ბლოკჩეინის სისტემით ჩატარდება. ერთიან ნაციონალურ მოძრაობას თავმჯდომარეობის ოთხი კანდიდატი ჰყავს – მოქმედი თავმჯდომარე, ნიკა მელია, პარტიის წევრი ლევან ხაბეიშვილი, აქტივისტი გიორგი მუმლაძე და ყოფილი წევრი, ნონა მამულაშვილი. თავდაპირველად, კენჭისყრაში მონაწილეობას აპირებდა ენმ-ს წევრი გიორგი ჩალაძეც, თუმცა ხაბეიშვილის მიერ კანდიდატურის დაყენების შემდეგ მან კანდიდატურა მოხსნა

გიორგი მუმლაძის თქმით, ენმ-ს თავმჯდომარის არჩევნებში მონაწილეობის მიზანი "უუნარო მელიას ჩამოცილებაა". მუმლაძე ამბობს, რომ მისი თავმჯდომარეობის შემთხვევაში მთელი ქვეყნის მასშტაბით "მიხეილ სააკაშვილის გათავისუფლების შტაბები გაიხსნება".

ლევან ხაბეიშვილი აზრით, ენმ-ს "გადახალისება" სჭირდება, მის თავმჯდომარეს კი ლეგიტიმაცია. თავდაპირველი უარყოფის მიუხედავად, 16 ნოემბერს ხაბეიშვილმა თქვა, რომ პარტიის თავმჯდომარის არჩევნებზე საკუთარ კანდიდატურას ისიც აყენებს. 

ნიკა მელიას თქმით, არჩევნებში მისი კონკურენტი ლევან ხაბეიშვილი არ არის და ერთიან ნაციონალურ მოძრაობაში მიმდინარე პროცესი ყოფილი თავდაცვის მინისტრის, დავით კეზერაშვილისა და ყოფილი შინაგან საქმეთა მინისტრის, ვანო მერაბიშვილის დაგეგმილია. 

კომენტარები