ენმ

ხაბეიშვილი: ენმ-ს სჭირდება გადახალისება, პარტიის თავმჯდომარეს, ვინც იქნება – ლეგიტიმაცია

კადრი ვიდეოდან/ფორმულა

ერთიანი ნაციონალური მოძრაობის წევრი, ლევან ხაბეიშვილი ამბობს, რომ პარტიის თავმჯდომარის არჩევნების ჩატარებას მიესალმება - მისივე სიტყვებით, ენმ-ს "გადახალისება" სჭირდება, მის თავმჯდომარე კი, "ვინც იქნება", ლეგიტიმაცია.  

ხაბეიშვილის სიტყვებით, პარტიის თავმჯდომარის არჩევნებში მონაწილეობის მიღებას არ აპირებს და სხვებს, მათ შორის, პარტიის ლიდერებს მოუწოდებს, რომ განახლებისა და ცვლილებების დროა - "პარტიის თავმჯდომარეები მიდიან, პარტიის თავმჯდომარეები მოდიან".  

"უმნიშვნელოვანესი პროცესი დაიწყო ნაციონალურ მოძრაობაში. მივესალმები ჩემი კოლეგების, ჩემი მეგობრების, თანამებრძოლების ინიციატივას, რომელიც უკავშირდება პარტიაში მეტ გახსნილობას, ღიაობას, განახლებას, პარტიის თავმჯომარის არჩევას, რაც ძალიან მნიშნელოვანია. მივესალმები ამ ინიციატივას რომ დაეთანხმა პარტიის თავმჯდომარე, რომელმაც თქვა, რომ იქნება პარტიის თავმჯდომარის არჩევნები. ახლა ძალიან მნიშნელოვანია, რომ ეს ყველაფერი მოხდეს სწრაფად, დავაორგანიზოთ სწრაფად, იმიტომ, რომ დასაკარგი დრო არც ნაციონალურ მოძრაობას და არც ქართველ ხალხს არ აქვს. 

სხვათა შორის, ნაციონალური მოძრაობა არის პარტია, რომელიც გადამწყვეტ როლს შეასრულებს რუსი ოლიგარქის და მისი კრიმინალური ხელისუფლების დასრულებაში. სწორედ ამიტომ, ამ პარტიას სჭირდება გადახალისება, ამ პარტიის თავმჯდომარეს, ვინც იქნება, სჭირდება ლეგიტიმაცია მისი ამომრჩევლისგან და მეტიც, ეს პარტია უნდა დაუბრუნდეს მის ამომრჩეველს. ყველანაირი დაპირისპირება, ყველანაირი გაუგებრობა, ყველანაირი ერთმანეთთან რაიმე სახის მინიმალური დაპირისპირებაც კი ჩემთვის არის მიუღებელი". - ამბობს ხაბეიშვილი. 

ლევან ხაბეიშვილი თანაგუნდელებს მიმართავს, რომ არჩევნები შესაძლებლობად და გაძლიერების შანსად გამოიყენონ - უზრუნველყონ ისეთი პარტიის ჩამოყალიბება, რომელიც ბიძინა ივანისვილს დაამარცხებს. მისივე ინფორმაციით, ჰქონდა კომუნიკაცია პარტიის რაიონული ორგანიზაციების თავმჯდომარეებთან, რომელთა 80% თავმჯომარის არჩევნებს ემხრობა. ხაბეიშილის თქმითვე, იმავე აზრზეა საკრებულოს წევრების უმრავლესობაც.

"ამაში ტრაგიკული არაფერი არ არის. ღიაობა, გამჭვირვალეობა, გახსნილობა და მეტიც, მე მინდა, მოვუწოდო ყველა იმ ადამიანს, ვინც დაკავშირებულია ნაციონალურ მოძრაობასთან, ვინც გულშემატკივრობს ჩვენი ქვეყნის ევროპულ მომავალს - ჩემო ძვირფასებო, დაივიწყეთ ყველაირი წყენა, დაივიწყეთ ყველაინაირი გაუგებრობა, რაც კი გქონიათ პარტიასთან ან პარტიის ხელმძღვანელობასთან. კარები იხსნება, შესაძლებლობა იხსნება და ყველას მოგიწოდებთ, ვისაც რაიმე პრეტენზია გაგაჩნიათ, რომ ნაციონალური მოძრაობა უნდა იყოს ძლიერი, წამოაყენეთ კანდიდატურები და შედით გადამწყვეტ ბრძოლაში, მათ შორის, პარტიის გაძლიერებისთვის. მე დარწმუნებული ვარ, რომ ჩემი კოლეგები ძალიან კარგად გაიაზრებენ ამ პროცესს. მინდა, კონკრეტულ განცხადებებს გავუსვა ხაზი - არ შეიძლება, პარტიზანები ეძახო შენს თანამებრძლებს, ჩემო ძვირფასებო, ეს არის წარმოუდგენელი დამოკიდებულება პარტიის წევრების, საკრებულის არჩეული წევრების მიმართ. ამიტომ, მოგიწოდებთ სიმშვიდისკენ, ერთიანობისკენ". - ამბობს ის.  

ერთიანი ნაციონალური მოძრაობის წევრთა ნაწილი შიდაპარტიულ არჩევნებს და თავჯდომარის ხელახლა არჩევას ითხოვს. ამის შესახებ ენმ-ს წევრმა, ირაკლი ნადირაძემ საგანგებოდ გამართულ ბრიფინგზე გუშინ, 9 ნოემბერს ისაუბრა. ენმ-ს წევრთა ნაწილი თავმჯდომარის არჩევნების ჩატარების იდეას დაეთანხმა და თქვა, რომ პარტიას "დამატებითი ლეგიტიმაცია სჭირდება", ნაწილის აზრით, შიდაპარტიულ თემაზე ბრიფინგის ჩატარება და მოთხოვნის ეს ფორმა "უცნაური და დასანანია", ენმ-ში კი ახლა "რაღაც თანამდებობაზე" ლაპარაკის დრო არ არის. წევრები ამბობენ, რომ პარტიაში რამდენიმე კვირის განმავლობაში ინტენსიურად მიდის საორგანიზაციო და გეგმებთან დაკავშირებით შეხვედრები, თუ როგორ უნდა გააგრძელონ საქმიანობა.  

მოგვიანებით, ბრიფინგი განართა ნიკა მელიამ და თქვა, რომ მისი კოლეგების ბრიფინგში არაფერი ახალი არ ყოფილა, გარდა ბრიფინგის ფორმისა - მისივე სიტყვებით, არჩევნებში მონაწილეობისთვის მზად არის.  

ბოლო პერიოდში ნაციონალური მოძრაობა რამდენიმე წევრმა დატოვა - მათ შორის იყვნენ ნონა მამულაშვილი და ნიკა ობოლაძე. მამულაშვილის შეფასებით, რომ მე-10 მოწვევის პარლამენტი, საქართველოს ისტორიაში "ყველაზე სამარცხვინოა", ერთიანი ნაციონალური მოძრაობა კი "პოლიტიკისგან დიდი ხანია დაცლილია". ობოლაძის თქმით კი ამ  ფორმაციის ნაციონალურ მოძრაობაში ვერ ხედავს იმ ძალას და ენერგიას, რომელიც შეძლებს ახლა, ამ ხელისუფლების პირობებში გამოიყვანოს კრიზისიდან. 

მანამდე, 25 სექტემბერს, მოძრაობა საქართველოსთვის წევრმა და ენმ-ს მხარდამჭერმა გიორგი მუმლაძემ FB-Live ჩაწერა, სადაც ნიკა მელიასთან დაპირისპირებაზე საუბრობს. მისი მტკიცებით, მელიამ პასუხი Facebook-ზე "აქტიურობის გამო" მოსთხოვა. გიორგი მუმლაძის თქმით, მისი ამოცანაა, რომ "ნიკა მელია პანღურით იქნეს გაგდებული პარტიიდან". მანვე აღნიშნა, რომ პარტიის მხარდამჭერისთვის მნიშვნელოვანია, თავმჯდომარე ასეთი "მოძალადე" არ იყოს.

მეორე დღეს, "გარკვეული ადამიანების მცირე ჯგუფის მიერ გავრცელებული ყალბი ინფორმაციისა და დესტრუქციული ნაბიჯების გამო" განცხადება ერთიანმა ნაციონალურმა მოძრაობამ გაავრცელა. ენმ-ს განმარტებით, TV პირველის გადაცემის ანონსში, რომელიც ეხებოდა ოპოზიციურ პარტიებში ჩანერგილ სუსის ჯაშუშებს, ერთ-ერთი პირის ხმა მიმსგავსებული იყო საპროტესტო აქტივობებში ჩართულ აქტიურ ადამიანის ხმასთან. პარტიის ცნობით, საკითხის გარკვევის მიზნით აქტივისტთან და მისი გუნდის წევრებთან ჰქონდათ კომუნიკაცია.

"შედგა საუბარი პარტიის გენერალურ მდივანსა და იმ ადამიანს შორის, ვისთან მიმართებაშიც კითხვები არსებობდა. საუბრის შემდეგ საკითხი ამოიწურა და კითხვის ნიშნები მოიხსნა. მოგვიანებით ამ პირების ნაწილის სურვილით პარტიის თავმჯდომარე საკუთარ სამუშაო ოთახში მშვიდ ვითარებაში ხვდებოდა ჯგუფის რამდენიმე წარმომადგენელს, რა დროსაც იქ შეიჭრა გიორგი მუმლაძე თანმხლებ პირებთან ერთად. მან შეურაცხმყოფელი, ქუჩური ტერმინოლოგიით სცადა პროვოკაციის მოწყობა. ბუნებრივია, პარტიაში მყოფმა პარტიის წევრებმა აღკვეთეს მათი მცდელობა და ეს ადამიანები ოფისიდან გაიყვანეს" - აცხადებდა ენმ.

იმავე დღეს, პარტიის პოლიტსაბჭო დატოვა ენმ-ს ყოფილმა დეპუტატმა ბადრი ბასიშვილმა. ღამით კი, მუქარაზე მუმლაძის მიერ გავრცელებული ინფორმაციის შემდეგ პარტიის წევრი, თენგო სანაია დააკავეს.

კომენტარები