არჩევნები ენმ-ში

ენმ-ს ოზურგეთის ორგანიზაცია თავმჯდომარის არჩევნებზე მხარს ნიკა მელიას უჭერს

ერთიანი ნაციონალური მოძრაობის ოზურგეთის ორგანიზაცია პარტიის თავმჯდომარის არჩევნებზე მხარს ნიკა მელიას უჭერს. როგორც ოზურგეთის საკრებულოს ფრაქცია ერთიანი ნაციონალური მოძრაობის თავმჯდომარემ, დავით მჟავანაძემ ბრიფინგზე თქვა, ოზურგეთის ორგანიზაციაში მელიას მხარდამჭერი შტაბიც შეიქმნება, რომელსაც შალვა თავდიშვილი უხელმძღვანელებს.

"გვინდა, გამოვეხმაუროთ 28-30 იანვარს ჩანიშნულ ერთიანი ნაციონალური მოძრაობის თავმჯდომარის არჩევნებს. იმის მიუხედავად, რომ ჩვენ მიგვაჩნია, რომ ახლა ამის დრო ნამდვილად არ იყო, რადგან ძალიან დიდი გამოწვევის წინაშე ვართ - მიხეილ სააკაშვილის სიცოცხლეა გადასარჩენი და ის პუტინის ტყვეობიდანაა დასახსნელი. ვფიქრობ, ახლა იყო ერთობისა და ერთიანობის დემონსტრაციის დრო. თუმცა, ამის მიუხედავად, მოცემულობა მოცემულობაა. შესაბამისად, არც ჩვენ ვაპირებთ პროცესებს მიღმა ყოფნას. დანარჩენი კანდიდატების პატივისცემის მიუხედავად, ერთიანი ნაციონალური მოძრაობის ოზურგეთის რაიონული ორგანიზაცია მხარდაჭერას უცხადებს ნიკა მელიას. მიგვაჩნია, რომ ნიკა მელიამ ჯერ კიდევ სანამ პარტიის თავმჯდომარე გახდებოდა, თავისი ბრძოლითა და შეუპოვრობით მაგალითი გვაჩვენა. ის მთელი თავისი შესაძლებლობებით იბრძოდა იმისთვის, რომ ოლიგარქიული რეჟიმი დაემარცხებინა და უფრო მეტიც, ნიკა მელია შეგნებულად და გააზრებულად ჩაჯდა ვლადიმირ პუტინისა და ბიძინა ივანიშვილის საპყრობილეში იმისთვის, რომ პროდასავლური პოლიტიკური პარტიებისთვის თავისუფლების მოპოვების შანსი მიეცათ. ასევე მიმაჩნია, რომ ნიკა მელიას თავისი რესურსი არ ამოუწურავს და ის ამ ბრძოლის სათავეში იქნება. იმ ბრძოლის, რომელიც საქართველოსა და მიხეილ სააკაშვილის გადასარჩენად უნდა დასრულდეს. ენმ-ს ოზურგეთის რაიონულ ორგანიზაციაში სპეციალური შტაბი შეიქმნება, რომელსაც შალვა თავდიშვილი უხელმძღვანელებს". - თქვა დავით მჟავანაძემ.

თავმჯდომარის არჩევნებში ნიკა მელიას მხარს ასევე უჭერს ენმ-ს ბათუმის ორგანიზაციაც. როგორც პარტიის წევრმა, გიორგი კირთაძემ გამართულ ბრიგინგზე თქვა, აჭარის ორგანიზაციაში მელიას მხარდამჭერი შტაბი შეიქმნება, რომელსაც მირდატ ქამადაძე უხელმძღვანელებს.

ნიკა მელიას მხარს უჭერს ენმ-ს ქუთაისის ორგანიზაციაც. როგორც პარტიის წევრმა, გიორგი კილაძემ თქვა, ქუთაისის ორგანიზაციაში ნიკა მელიას მხარდამჭერი შტაბი შეიქმნება, რომელსაც გაგა მანაგაძე უხელმძღვანელებს, საორგანიზაციო მდივანი კი პაატა ღაჭავა იქნება. 

პარტიაში არჩევნები 28-29 იანვარს, ბლოკჩეინის სისტემით ჩატარდება. ერთიან ნაციონალურ მოძრაობას თავმჯდომარეობის ოთხი კანდიდატი ჰყავს – მოქმედი თავმჯდომარე, ნიკა მელია, პარტიის წევრი ლევან ხაბეიშვილი, აქტივისტი გიორგი მუმლაძე და ყოფილი წევრი, ნონა მამულაშვილი. თავდაპირველად კენჭისყრაში მონაწილეობას აპირებდა ენმ-ს წევრი გიორგი ჩალაძეც, თუმცა ხაბეიშვილის მიერ კანდიდატურის დაყენების შემდეგ მან კანდიდატურა მოხსნა

კომენტარები