რუსეთ-უკრაინის 2022-24 წლის ომი

რეზნიკოვი: უკრაინელი სამხედროები Leopard 2-ის ტიპის ტანკებზე წვრთნებს პოლონეთში გაივლიან

REUTERS/Ints Kalnins

უკრაინის თავდაცვის მინისტრის, ოლექსეი ცნობით, მიუხედავად იმისა, რომ რამშტაინის სამიტზე მოკავშირეებმა გერმანული წარმოების ტანკების კიევის მიწოდებაზე თანხმობას ვერ მიაღწიეს, უკრაინული ძალები წვრთნებს Leopard 2-ის ტიპის საბრძოლო ტანკებზე პოლონეთში გაივლიან. 

რეზნიკოვმა ამის შესახებ უკრაინულენოვან ამერიკის ხმასთან რამშტაინის საჰაერო ბაზაზე გამართულ სამიტზე ისაუბრა, სადაც უკრაინის პარტნიორებმა ტანკების გადაცემის შესახებ გადაწყვეტილება ვერ მიიღეს. გერმანიამ, რომელიც Leopard 2-ის მწარმოებელი ქვეყანაა, უნდა დაამტკიცოს ნებისმიერი ტრანსფერი.

"დავიწყებთ ამით და კიდევ უფრო შორს წავალთ". - ამბობს რეზნიკოვი ამერიკის ხმასთან.

რეზნიკოვმა აღნიშნული წვრთნების დაგეგმვა მნიშვნელოვან წინ გადადგმულ ნაბიჯად შეაფასა და ეს წარმატება პოლონეთის ძალისხმევას მიაწერა.

პოლონეთის თავდაცვის მინისტრის, მარიუშ ბლაშჩაკის თქმით, რამშტაინში გადაწყვეტილება Leopard 2-ის ტანკების მიწოდების შესახებ ვერ მიიღეს. თუმცა, ის ოპტიმისტურად არის განწყობილი, რომ შეთანხმება მალე იქნება მიღწეული. 

იენს სტოლტენბერგმა რამშტაინში, ასევე, აღნიშნა, რომ მოელის Leopard 2-ის ტანკების შესაძლო მიწოდებაზე მოლაპარაკებების განვითარებას.

გერმანიის თავდაცვის მინისტრმა, ბორის პისტორიუსმა უარყო, რომ ბერლინი ცალმხრივად აფერხებს Leopard-ის საბრძოლო ტანკების უკრაინაში გაგზავნას. მისი თქმით, თუ მოკავშირეები კონსესუს მიაღწევენ, გერმანია მზადაა, დააჩქაროს ტანკების კიევისთვის მიწოდება.

ბერლინმა ამ კვირაში განაცხადა, რომ Leopard-ის შესახებ გადაწყვეტილება დამოკიდებული იყო იმაზე, დათანხმდებოდა თუ არა აშშ უკრაინაში Abrams-ის ტანკების გაგზავნას. თუმცა გერმანიის თავდაცვის ახალმა მინისტრმა, ბორის პისტორიუსმა აღნიშნა, რომ მას "ამ შეთანხმების" შესახებ ინფორმაცია არ ჰქონდა.

პოლონეთსა და ფინეთს Leopard-ის ტანკების უკრაინისთვის გასაგზავნად გერმანიის, როგორც მწარმოებელი ქვეყნის, ნებართვა სჭირდება. თუმცა, პოლონეთის საგარეო საქმეთა მინისტრის თქმით, ვარშავამ უკრაინას ტანკები ნებართვის გარეშეც შეიძლება მიაწოდოს. 

გერმანიის Leopard-ის ტანკებზე გადაწყვეტილება მნიშვნელოვანია უკრაინისთვის, რადგან ეს სამხედრო ტექნიკა ფართოდ გამოიყენება ევროპაში, შესაბამისად, ნებართვის არსებობის შემთვევაში, რამდენიმე ქვეყანა შეძლებს უკრაინისთვის ტანკის მიწოდებას.

კომენტარები