რიში სუნაკი

რიში სუნაკის უსაფრთხოების ღვედის გარეშე მგზავრობის შემთხვევას პოლიცია გამოიძიებს 

Charlie Bibby/FT

ბრიტანეთის პრემიერმინისტრი, რიში სუნაკი მოძრავი მანქანიდან Instagram-ზე ლაივში ისე გავიდა, რომ უსაფრთხოების ღვედი არ ეკეთა. აღნიშნულ შემთხვევას ლანკაშირის პოლიცია გამოიძიებს.

მედიაში გავრცელებული ინფორმაციით, პრემიერმინისტრმა შემთხვევის გამო ბოდიში მოიხადა და თქვა, რომ სოციალური მედიის კლიპის გადასაღებად უსაფრთხოების ღვედის მოხსნა შეცდომა იყო.

"[რიში სუნაკი] სრულად აღიარებს, რომ ეს შეცდომა იყო და ბოდიშს იხდის. [მას] მიაჩნია, რომ ყველამ უნდა ატაროს ღვედი". – თქვა ბრიტანეთის პრემიერმინისტრის სპიკერმა ჟურნალისტებთან. 

გარდა ამისა, ლეიბორისტებმა სუნაკი აღნიშნულის გამო გააკრიტიკეს. პარტიის სპიკერმა თქვა, რომ "რიში სუნაკმა არ იცის როგორ გამოიყენოს უსაფრთხოების ღვედი, სადებეტო ბარათი, მატარებლის მომსახურება, როგორ მართოს ეკონომიკა, ეს ქვეყანა. ეს სია ყოველდღიურად იზრდება და მტკივნეული საყურებელია".

ბრიტანეთში არსებული კანონმდებლობით უსაფრთხოების ღვედის გარეშე მგზავრობა 500 ფუნტის ოდენობით ჯარიმას ითვალისწინებს. 

კომენტარები