რიში სუნაკი

სუნაკი: გლობალური უსაფრთხოებისა და კეთილდღეობისთვის ჩინეთი ყველაზე დიდი გამოწვევაა

რიში სუნაკი

Reuters-ის ინფორმაციით, დიდი ბრიტანეთის პრემიერმინისტრმა, რიში სუნაკმა დიდი შვიდეულის სამიტის დასრულების შემდეგ თქვა, რომ უსაფრთხოებისა და კეთილდღეობისთვის ჩინეთი მსოფლიოს ყველაზე დიდ გამოწვევას წარმოადგენს.

"ჩინეთი წარმოადგენს ჩვენი დროის ყველაზე დიდ გამოწვევას გლობალური უსაფრთხოებისთვის და კეთილდღეობისთვის. ის არის სულ უფრო ავტორიტარული ქვეყნის შიგნით და შეუპოვარი ქვეყნის გარეთ". – თქვა სუნაკმა.

სუნაკმა ასევე აღნიშნა, რომ დიდი ბრიტანეთი და G7-ს სხვა ქვეყნები საერთო მიდგომას გამოიყენებენ ჩინეთის მიერ წარმოქმნილი გამოწვევების შესამცირებლად.

"ეს ყველაფერი ეხება რისკების შემცირებას და არა გამიჯვნას. დიდი შვიდეულთან ერთად ჩვენ ვიღებთ ზომებს, რათა აღვკვეთოთ ჩინეთის მიერ ეკონომიკური იძულების გამოყენება სხვა ქვეყნების სუვერენულ საქმეებში ჩარევისთვის". - დასძინა პრემიერმინისტრმა.

სუნაკმა ასევე თქვა, რომ ბრიტანეთი ამ ზაფხულს უკრაინელი მფრინავების მომზადებას დაიწყებს, რათა უკრაინის საჰაერო ძალებს მხარი დაუჭირონ. 

სუნაკის თქმით, უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკიზე მეტად მშვიდობა არავის სურს, თუმცა მშვიდობის პირობები უკრაინის პრინციპებს უნდა ეფუძნებოდეს.

სამდღიან სამიტზე G7-ის ლიდერებმა აჩვენეს მზადყოფნა, რომ უკრაინას გრძელვადიან პერსპექტივაში მხარს დაუჭერენ. 

კომენტარები