თემირლან მაჩალიკაშვილის საქმე

სტრასბურგის სასამართლომ მაჩალიკაშვილის საქმეზე მთავრობას €25 000-ს გადახდა დააკისრა

reginfo,ge

სტრასბურგში მდებარე ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ თემირლან მაჩალიკაშვილის საქმესთან დაკავშირებით გადაწყვეტილება გამოაქვეყნა და საქართველოს მთავრობას €25 000-ის გადახდა დააკისრა. 

ამ თანხიდან 10 000 ევრო განკუთვნილია აპლიკანტის მორალური ზიანის ასანაზღაურებლად, 15 000 ევრო კი - სასამართლოს პროცესების ხარჯების ანაზღაურებისთვის.

სასამართლომ ერთხმად დაასკვნა, რომ დაირღვა ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-2 მუხლი (სიცოცხლის უფლება) საპროცესო ასპექტში. ასევე, სასამართლომ, ექვსი ხმა ერთის წინააღმდეგ, დაასკვნა, რომ არ დარღვეულა ადამიანის უფლებათა მე-2 მუხლი მატერიალურ ასპექტში. 

სტრასბურგის სასამართლოს დასკვნით, ხელისუფლებამ ვერ შეძლო გამოძიების მოხოვნების კონვენციის მე-2 მუხლის შესაბამისად დაკმაყოფილება. ასევე, ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს დასკვნით, თემირლან მაჩალიკაშვილის სახელმწიფოს პასუხისმგებლობის პირობებში გარდაცვალების სამხილი არ არსებობს.

ამას გარდა, სტრასბურგის სასამართლომ ვერ დაინახა კონვენციის მე-13 მუხლის (სამართლებრივი დაცვის ქმედითი საშუალების უფლება) მე-2 და მე-3 მუხლებთან ერთად განხილვის საჭიროება.


2017 წლის 26 დეკემბერს პანკისის ხეობაში ჩატარებულ სპეცოპერაციას ტერორიზმის ხელშეწყობის ბრალდებით 4 პირი დააკავეს, მეხუთე - 19 წლის თემირლან მაჩალიკაშვილი კი საკუთარ საძინებელში მოკლეს - მას სპეცრაზმელის ტყვია თავში მოხვდა. ოფიციალური ვერსიით, მაჩალიკაშვილმა ხელყუმბარის გახსნა სცადა და გასროლაც სწორედ ამიტომ მოხდა.

თავში მძიმედ დაჭრილი თემირლან მაჩალიკაშვილი სპეცოპერაციიდან რამდენიმე კვირაში საავადმყოფოში გარდაიცვალა. მოგვიანებით, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში ამბობდნენ, რომ ჰქონდათ ვიდეოკადრები, სადაც ჩანდა, რომ ახმედ ჩატაევის დაჯგუფების წევრები თემირლან მაჩალიკაშვილთან ერთად გადაადგილდებოდნენ.

თემირლან მაჩალიკაშვილის მამა, მალხაზ მაჩალიკაშვილი ამბობდა, რომ მის შვილს ხელყუმბარა არ ჰქონია.  მისივე თქმით, სპეცოპერაციას სუს-ის უფროსის მაშინდელი მოადგილე, სოსო გოგაშვილი ხელმძღვანელობდა. მაჩალიკაშვილი ითხოვდა, მისი შვილის დანაშაული მტკიცებულებებით დადასტურებულიყო და შექმნილიყო სპეციალური საპარლამენტო კომისია.

პანკისის სპეცოპერაციამდე ერთი თვით ადრე სპეცოპერაცია ჩატარდა გაბრიელ სალოსის ქუჩაზე. ოპერაცია 2017 წლის 21 ნოემბრის ღამიდან მიმდინარეობდა და 22 ნოემბრის საღამოს დასრულდა.

დააკავეს ერთი ადამიანი, რამდენიმე კი სპეცოპერაციისას დაიღუპა. მაშინ ლიკვიდირებულთა შორის ერთ-ერთი ლაფანყურის სპეცოპერაციის მონაწილე და ისლამური სახელმწიფოს (ISIS)  ერთ-ერთი ქვედანაყოფის ხელმძღვანელი, ახმედ ჩატაევი იყო. სუს-ის განცხადებით, ისინი საქართველოსა და თურქეთში დიპლომატიური მისიების წარმომადგენლებზე თავდასხმებს გეგმავდნენ.

2019 წელს ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოში მაჩალიკაშვილის საქმესთან დაკავშირებით სარჩელი გაგზავნეს, რომელზე მუშაობაც სტრასბურგის სასამართლომ მალევე დაიწყო. 

კომენტარები