თემირლან მაჩალიკაშვილის საქმე

წულუკიანი მაჩალიკაშვილზე: სიმართლე დამტკიცდა, სახელმწიფოს არ ჩაუდენია მკვლელობა

თეა წულუკიანი
იმედი

კულტურის მინისტრი, თეა წულუკიანი აცხადებს, რომ თემირლან მაჩალიკაშვილის საქმეზე სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილებით დამტკიცდა, რომ სახელმწიფოს მკვლელობა არ ჩაუდენია. 

"დამტკიცდა ის, რაც სიმართლეა - სახელმწიფოს არ ჩაუდენია მკვლელობა, რომელსაც მას აბრალებდნენ. ამ შემთხვევაში იგულისხმება სახელმწიფო, სპეცდანიშნულების რაზმელები, პოლიცია და სხვა იმ ძალოვანი სტრუქტურის წარმომადგენლები, რომლებიც ტერორიზმის წინააღმდეგ იბრძოდნენ. განაჩენი, დადგენილი წესით, გადაეცემა აღმასრულებელ კომიტეტს, რომელიც ევროსაბჭოში პოლიტიკური ორგანოა და იქ უკვე შედგება სამოქმედო გეგმა იმისა, თუ როგორ უნდა გამოსწორდეს ეს პროცედურული დარღვევები".- ამბობს წულუკიანი ტელეკომპანია იმედის ცნობით. 

სტრასბურგში მდებარე ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ თემირლან მაჩალიკაშვილის საქმესთან დაკავშირებით გადაწყვეტილება გამოაქვეყნა და საქართველოს მთავრობას €25 000-ის გადახდა დააკისრა. 

ამ თანხიდან 10 000 ევრო განკუთვნილია აპლიკანტის მორალური ზიანის ასანაზღაურებლად, 15 000 ევრო კი - სასამართლოს პროცესების ხარჯების ანაზღაურებისთვის.

სასამართლომ ერთხმად დაასკვნა, რომ დაირღვა ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-2 მუხლი (სიცოცხლის უფლება) საპროცესო ასპექტში. ასევე, სასამართლომ, ექვსი ხმა ერთის წინააღმდეგ, დაასკვნა, რომ არ დარღვეულა ადამიანის უფლებათა მე-2 მუხლი მატერიალურ ასპექტში. 

სტრასბურგის სასამართლოს დასკვნით, ხელისუფლებამ ვერ შეძლო გამოძიების მოხოვნების კონვენციის მე-2 მუხლის შესაბამისად დაკმაყოფილება. ასევე, ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს დასკვნით, თემირლან მაჩალიკაშვილის სახელმწიფოს პასუხისმგებლობის პირობებში გარდაცვალების სამხილი არ არსებობს.

ამას გარდა, სტრასბურგის სასამართლომ ვერ დაინახა კონვენციის მე-13 მუხლის (სამართლებრივი დაცვის ქმედითი საშუალების უფლება) მე-2 და მე-3 მუხლებთან ერთად განხილვის საჭიროება.

კომენტარები