თემირლან მაჩალიკაშვილის საქმე

მაჩალიკაშვილი: ოცნებას კომისიის შექმნა არ უნდა, რადგან იციან, რომ ამ საქმეს გადაყვებიან

2017 წლის დეკემბერში სუს-ის მიერ ჩატარებული სპეცოპერაციის დროს მოკლული თემირლან მაჩალიკაშვილის მამა მალხაზ მაჩალიკაშვილი კვლავ საგამოძიებო კომისიის შექმნას ითხოვს. 

"ქართულ ოცნებას არ უნდა, რომ შეიქმნას ეს კომისია იმიტომ, რომ ისინი იქ იმ საშიშროებას ხედავენ, რომ ამ საქმეს გადაყვებიან. რომ იძახიან, არ არის საჭიროება, როგორ თუ არ არის?" - თქვა მაჩალიკაშვილმა პარლამენტის წინ გამართულ ბრიფინგზე. 

თავდაპირველად მაჩალიკაშვილს ბრიფინგის გამართვა პარლამენტში სურდა, თუმცა მიუხედავად იმისა, რომ მასზე ერთიანი ნაციონალური მოძრაობის დეპუტატმა, თინა ბოკუჩავამ, საშვი ოფიციალურად დააშვებინა, მაჩალიკაშვილი პარლამენტის შენობაში არ შეუშვეს. შედეგად მაჩალიკაშვილი შეუძლოდ გახდა

მალხაზ მაჩალიკაშვილს თან ჰქონდა მიტანილი კომისიის შექმნის მოთხოვნა და დეპუტატების სახელებზე დაწერილი წერილები. 

კითხვაზე, ვისი იმედი აქვს მას ამ კომისიის შექმნისთვის ბრძოლაში, მაჩალიკაშვილი პასუხობს, რომ მას დამოუკიდებელი დეპუტატების, ოპოზიციის და მთელი ქვეყნის მოსახლეობის მხარდაჭერის იმედი აქვს. 

"ვოლსკი, თალაკვაძე, მდინარაძე რას იძახიან, ჩემთვის ამას მნიშვნელობა არ აქვს," - ამბობს მაჩალიკაშვილი. 

მაჩალიკაშვილი მისი შვილის მკვლელობის საქმის გამოძიების მოთხოვნით პარლამენტთან აქციებს მთელი ორი წლის განმავლობაში, ყოველდღიურად მართავდა მანამ, სანამ 30 დეკემბრის ღამით მოულოდნელად მისი კარავი თბილისის მერიამ არ აიღო. მერიამ კარვის ნაცვლად ზვიგენის გამოსახულებიანი ბატუტები ჩადგა და გამოაცხადა, რომ იქ გასართობი ცენტრი უნდა მოწყობილიყო. 

ბატუტი მალევე ჩაიფუშა და მის ნაცვლად მერიამ ამჯერად სათამაშო მოედანი მოაწყო, თუმცა ბავშვები მასზე თამაშს ვერ ახერხებდნენ, რადგან ის შემოღობილი იყო და პარლამენტთან მისვლის საშუალებას არავის აძლევდა. 

ამაო აღმოჩნდა თბილისის მერიის მცდელობაც, გარემოვაჭრეები რესპუბლიკის მოედნიდან პარლამენტის წინ გადაეყვანათ. გარემოვაჭრეებმა განაცხადეს, რომ ისინი მაჩალიკაშვილს უჭერენ მხარს და იქ გაყიდული პროდუქციის შემოსული ფულით შვილებს საჭმელს ვერ აჭმევენ. 

იანვრის დასაწყისში კი თბილისის მერიამ პარლამენტის შენობას მწვანე ღობე შემოარტყა და გამოაცხადა, რომ ფილების რეაბილიტაციას იწყებს, რომელიც მაქსიმუმ, ერთი წლის განმავლობაში გაგრძელდება. 

პროკურატურის განცხადებით, მაჩალიკაშვილის წინააღმდეგ და მაჩალიკაშვილის მკვლელობის საქმეზე გამოძიება 25 იანვარს შეწყდა. უწყების განცხადებით, "სრულყოფილი და ყოველმხრივი გამოძიების შედეგად დადასტურდა, რომ სპეციალური ოპერაციების სამმართველოს თანამშრომელი იმყოფებოდა აუცილებელი მოგერიების მდგომარეობაში, საფრთხე იყო რეალური, იმწუთიერი და მისი ქმედების მიზანს მხოლოდ ამ საფრთხიდან საკუთარი თავის და გარშემომყოფთა სიცოცხლის და ჯანმრთელობის დაცვა წარმოადგენდა, ასევე დადასტურდა, რომ სპეციალური დანიშნულების რაზმის არც ერთ წევრს და არც რომელიმე მაღალი თანამდებობის პირს კანონსაწინააღმდეგო და ბრალეული ქმედება არ ჩაუდენია, რის გამოც საქმეზე შეწყდა გამოძიება სისხლის სამართლის კანონით გათვალისწინებული ქმედების არარსებობის გამო".

2017 წლის 26 დეკემბერს პანკისის ხეობაში ჩატარებულ სპეცოპერაციას ტერორიზმის ხელშეწყობის ბრალდებით 4 პირი დააკავეს, მეხუთე - 19 წლის თემირლან მაჩალიკაშვილი კი საკუთარ საძინებელში მოკლეს - მას სპეცრაზმელის ტყვია თავში მოხვდა. ოფიციალური ვერსიით, მაჩალიკაშვილმა ხელყუმბარის გახსნა სცადა და გასროლაც სწორედ ამიტომ მოხდა.

თავში მძიმედ დაჭრილი თემირლან მაჩალიკაშვილი სპეცოპერაციიდან რამდენიმე დღეში საავადმყოფოში გარდაიცვალა.

კომენტარები