სექსუალური შევიწროება

ყოფილი კოლეგა პლასიდო დომინგოს სექსუალურ შევიწროებაში ადანაშაულებს

პლასიდო დომინგო

საოპერო შემსრულებელს, პლასიდო დომინგოს სექსუალურ შევიწროებაში კიდევ ერთი ქალი ადანაშაულებს. ბრალმდებელმა დომინგოს სატელევიზიო გადაცემაში დასდო ბრალი.  

ესპანელი მომღერლის მტკიცებით, დომინგომ იგი რამდენჯერმე შეავიწროვა სექსუალურად. ქალის თქმით, ოპერის შემსრულებელმა ერთ-ერთი რეპეტიციის შემდგომ კოლეგას არაერთხელ სთხოვა შეხება. გარდა ამისა, სცადა მისთვის ეკოცნა. 

"პლასიდო დომინგოსთან ერთად ლიფტში არ შეხვიდე! - იყო პირველი, რაზეც გვაფრთხილებდნენ. პირველად მასთან ურთიერთობისას უხერხულობა ერთ-ერთი რეპეტიციისას ვიგრძენი. შარვალი მეცვა, რომელსაც უკანა ჯიბე მოქარგული ჰქონდა. დომინგომ ყველას წინაშე მითხრა, “შეიძლება, შენს ლამაზ ჯიბეში ხელი ჩავყო?”, მუცელი ამტკივდა. არ ვიცოდი, როგორ მოვქცეულიყავი და რა მეთქვა. თუ არას ვეტყოდი, ამას შესაბამისი შედეგები მოჰყვებოდა და თუ დავთანხმდებოდი, არც მინდა წარმოვიდგინო…". - თქვა La Sexta-ს მაუწყებლობასთან ქალმა. 

ქალის თქმით, წლების წინ მომღერალმა პლასიდოს მხილება ვერ შეძლო, რადგან იგი ხელშეუხებელი იყო.

დომინგოს წარმომადგენლებმა აღნიშნულთან დაკავშირებით კომენტარის გაკეთებაზე უარი თქვეს. 

ეს პირველი შემთხვევა არაა, როცა ოპერის მომღერალს სექსუალურ შევიწროებაში დასდეს ბრალი. 

2019 წელს დომინგო 8 ქალმა - შვიდმა მომღერალმა და ერთმა მოცეკვავემ - Associated Press-თან საუბარში სექსუალურ შევიწროებაში დაადანაშაულა.

ქალების თქმით, მომღერალი მათ გვიანი 1980-იანი წლებიდან ავიწროებდა. მაშინ, გამოცემასთან საუბრისას მხოლოდ ერთმა ქალმა, მეცო-სოპრანომ, პატრიცია ვულფმა ისურვა საკუთარი სახელით საუბარი.

პლასიდო დომინგომ სექსუალური შევიწროების ბრალდებები მაშინვე უარყო.

მიუხედავად ბრალდებების უარყოფისა, საოპერო მომღერალს, ლოს-ანჯელესის ოპერის გენერალური დირექტორის თანამდებობისა და ნიუ-იორკის მეტროპოლიტენის ოპერის თეატრის დატოვება მოუწია.

მოგვიანებით, პლასიდო დომინგომ ქალებს, რომლებმაც ის სექსუალურ შევიწროებაში დაადანაშაულეს, "მიყენებული ტკივილისთვის" ბოდიში მოუხადა.

"მე გამოვიყენე უკანასკნელი რამდენიმე თვე, რათა მომეხდინა რეაგირება იმ ბრალდებებზე, რომლებსაც ჩემი რამდენიმე კოლეგა მიყენებს. ვაფასებ, რომ ბოლოს და ბოლოს ამ ქალებმა თავი კომფორტულად იგრძნეს, რათა ხმამაღლა ელაპარაკათ და მე მართლა ვწუხვარ იმ ტკივილისთვის, რაც მათ მივაყენე.

მე სრულ პასუხისმგებლობას ვიღებ ჩემს ქცევებზე. ახლა ვხვდები, რომ ზოგიერთ ქალს შესაძლოა შეშინებოდა გულწრფელი ემოციების გამოხატვის, რათა ამას მათ კარიერაზე უარყოფითად არ ემოქმედა. მიუხედავად იმისა, რომ ეს არ ყოფილა ჩემი განზრახვა, ასე თავი არასდროს არავინ უნდა იგრძნოს" - ეწერა ოპერის მომღერლის განცხადებაში. 

კომენტარები