სექსუალური შევიწროება

PHR: ჩვენი მოთხოვნის საფუძველზე 2 მწვრთნელს საფეხბურთო საქმიანობა აეკრძალა

phr.ge

პარტნიორობა ადამიანის უფლებებისთვის (PHR) ინფორმაციით, მათი მოთხოვნის საფუძველზე 2 მწვრთნელს ფეხბურთელი გოგოების სექსუალურად შევიწროების გამო ნებისმიერი საფეხბურთო საქმიანობა დროებით აეკრძალა. 

როგორც PHR წერს, 2023 წლის 12 ოქტომბერს საქართველოს ფეხბურთის ფედერაციას მიმართეს და სასამართლოს მიერ დადასტურებული სექსუალური შევიწროების ფაქტების საფუძველზე მწვრთნელისთვის უფლებამოსილების შეჩერება მოითხოვეს. 

ორგანიზაციის ინფორმაციით, შემდეგ ფეხბურთის ფედერაციამ ფედერაციის სადისციპლინო და საფეხბურთო დავების განმხილველ კომიტეტს მოსთხოვა, სანამ საერთო სასამართლოების გადაწყვეტილება ძალაში შევიდოდა, მწვრთნელებისთვის საფეხბურთო საქმიანობა დროებით აეკრძალა. 

PHR-ის ცნობით, კომიტეტმა აღნიშნა, რომ "სასამართლოს მიერ დადგენილი ფაქტები საკმაოდ მწვავე ხასიათისაა და ამ საკითხზე სათანადო უფლებამოსილი ორგანოების მხრიდან შემდგომში უმოქმედობამ, შესაძლოა გამოიწვიოს გამოუსწორებელი და პირდაპირი ზიანი“. 

ორგანიზაციის თანახმად, აღნიშნული გადაწყვეტილება პრეცედენტულია, რადგან კომიტეტმა სექსუალური შევიწროების გამო მწვრთნელებს საფეხბურთო საქმიანობა პირველად აუკრძალა. როგორც PHR წერს, "გადაწყვეტილება მნიშვნელოვან როლს შეასრულებს ქალი ათლეტების, მათ შორის არასრულწლოვნების სექსუალური შევიწროებისგან დაცვისა და მათთვის უსაფრთხო გარემოს შექმნის მიზნით". 

კომენტარები