აშშ-ს წარმომადგენელთა პალატის სპიკერის არჩევნები

აშშ-ს წარმომადგენელთა პალატის სპიკერი კვლავ ვერ აირჩიეს, VII კენჭისყრა ხვალ გაიმართება

აშშ-ს წარმომადგენელთა პალატის სპიკერისთვის მეექვსე კენჭისყრა გამარჯვებულის გამოვლენის გარეშე დასრულდა. გამარჯვებისთვის ხმათა საკმარისი რაოდენობა (218 ხმა) ვერცერთმა კანდიდატმა მიიღო. 

წარმომადგენელთა პალატის სპიკერისთვის მე-7 კენჭისყრა ხვალ საღამოს გაიმართება.

ბოლო 100 წლის განმავლობაში ეს პირველი შემთხვევაა, როცა წარმომადგენელთა პალატას სპიკერის ასარჩევად ერთზე მეტი კენჭისყრა დასჭირდა.

მე-6 კენჭისყრის შედეგებით, 212 ხმით დემოკრატი კანდიდატი, ჰაკიმ ჯეფრისი ლიდერობს. მის ოპონენტს, რესპუბლიკელ კევინ მაკკარტის, რომელსაც გამარჯვებას უწინასწარმეტყველებდნენ, 201 ხმა აქვს.

წარმომადგენელთა პალატის სპიკერის არჩევნები რამდენიმე ეტაპად მიმდინარეობს. არჩევნებიდან რამდენიმე კვირაში, არაფორმალური კენჭისყრის გზით, რესპუბლიკური და დემოკრატიული პარტია სპიკერის პოზიციაზე საკუთარ კანდიდატურას ირჩევენ. 

ნოემბრის დახურულ შეხვედრაზე რესპუბლიკელების ხმათა უმრავლესობა მაკკარტიმ მოიპოვა. რამდენიმე კვირის შემდეგ, დემოკრატებმა ერთხმად აირჩიეს დეპუტატი ჰაკიმ ჯეფრისი. წინასწარი შეთანხმების მიუხედავად, პარტიის  წევრები არ არიან ვალდებულნი ხმა მისცენ პარტიის არჩეულ კანდიდატს. ტრადიციულად, სპიკერის კანდიდატურის პრეტენდენტი წარმომადგენელთა პალატის წევრია, თუმცა ეს აღნიშნული თანამდებობის დასაკავებლად სავალდებულო კრიტერიუმს არ წარმოადგენს. იმისათვის, რომ კანდიდატი სპიკერი გახდეს, მას კენჭისყრაში მონაწილე პალატის წევრების ხმათა უმრავლესობა სჭირდება. 

რესპუბლიკურ პარტიაში მაკკარტის კანდიდატურის წინააღმდეგი ტრამპის გულშემატკივრები არიან, რომელთაც მეტსახელად “არასოდეს კევინები” (Never Kevins) შეარქვეს. ისინი მაკკარტის, რომელიც პალატის წევრი, ჯერ კიდევ 2009 წლიდან არის, ე.წ. “მეინსტრიმის” ნაწილად მიიჩნევენ. 

"მე ხვალ კევინ მაკკარტის ხმას არ მივცემ. ის პრობლემის ნაწილია და არა გადაჭრის საშუალება". - თქვა წარმომადგენელთა პალატის რესპუბლიკელმა წევრმა, ბობ გუდმა 2 იანვარს, Fox News-სთან ინტერვიუში.

წარმომადგენელთა პალატის სპიკერის როლი ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანია აშშ-ს პოლიტიკაში. ისინი აკონტროლებენ საკანონმდებლო ორგანოსა და პალატის დღის წესრიგს და პასუხისმგებელი არიან კომიტეტის წევრების გადანაწილებაზე.


აშშ-ის წარმომადგენელთა პალატის ამჟამინდელმა სპიკერმა, ნენსი პელოსიმ პალატაში დემოკრატიული პარტიის ლიდერის თანამდებობა 2022 წლის 17 ნოემბერს დატოვა

აშშ-ის წარმომადგენელთა პალატაში დემოკრატიული პარტიის ლიდერის თანამდებობას ნენსი პელოსი 2003 წლიდან იკავებდა.

2006 წელს ნენსი პელოსი აშშ-ის წარმომადგენელთა პალატის პირველი ქალი სპიკერი გახდა.

კომენტარები