აშშ-ს არჩევნები 2022

ნენსი პელოსი წარმომადგენელთა პალატაში დემოკრატიული პარტიის ლიდერის თანამდებობას ტოვებს

აშშ-ის წარმომადგენელთა პალატის სპიკერი ნენსი პელოსი პალატაში დემოკრატიული პარტიის ლიდერის თანამდებობას ტოვებს. პელოსიმ შესაბამისი განცხადება რესპუბლიკური პარტიის მიერ კონგრესის ქვედა პალატაში უმრავლესობის მოპოვების შემდეგ გააკეთა.

აშშ-ის წარმომადგენელთა პალატაში დემოკრატიული პარტიის ლიდერის თანამდებობას ნენსი პელოსი 2003 წლიდან იკავებდა.

2006 წელს ნენსი პელოსი აშშ-ის წარმომადგენელთა პალატის პირველი ქალი სპიკერი გახდა. სპიკერის თანამდებობაზე მუშაობას პელოსი 2023 წლის იანვრამდე გააგრძელებს, შემდეგ კი მას, სავარაუდოდ, რესპუბლიკური პარტიის კანდიდატი, კევინ მაკკარტი შეცვლის.

ამავდროულად, ნენსი პელოსი წარმომადგენელთა პალატაში დარჩება და მუშაობას კონგრესის ქვედა პალატაში კალიფორნიის შტატის წარმომადგენლად განაგრძობს.


კალიფორნიის 27-ე საარჩევნო ოლქში რესპუბლიკელი კონგრესმენის, მაიკ გარსიას გამარჯვების შედეგად რესპუბლიკელებმა წარმომაგენელთა პალატაში უმრავლესობისთვის საჭირო 218 ადგილი მოიპოვეს. 

რაც შეეხება სენატს, 13 ნოემბერს, ნევადას შტატში დემოკრატმა სენატორმა, კეტრინ კორტეს მასტოს გაიმარჯვა და დემოკრატიულმა პარტიამ სენატში 50 ადგილი დაიკავა. ვიცე პრეზიდენტის, კამალა ჰარისის დამატებითი ხმით, 6 დეკემბერს ჩანიშნული ჯორჯიას მეორე ტურის შედეგების მიუხედავად, სენატში უმრაველესობას დემოკრატები ინარჩუნებენ. ხოლო იმ შემთხვევაში, თუ ჯორჯიაში 6 დეკემბერს ჩანიშნულ მეორე ტურში სენატორი რაფაელ ვარნოკი რესპუბლიკელ ჰერშელ ვოლკერს დაამარცხებს, სენატში დემოკრატების რაოდენობა 51-მდე გაიზრდება, 49-ის პირისპირ.

კომენტარები