რუსეთ-უკრაინის 2022-24 წლის ომი

მაკრონს გადაეცით – როგოზინი უკმაყოფილოა, რომ, სავარაუდოდ, ფრანგული ჰაუბიცის ჭურვით დაიჭრა

დმიტრი როგოზინი

რუსეთის ყოფილი ვიცეპრემიერი და როსკოსმოსის ყოფილი მეთაური დმიტრი როგოზინი უკმაყოფილოა, რომ ოკუპირებულ დონეცკში ის, სავარაუდოდ, ფრანგული Caesar-ის ტიპის თვითმავალი ჰაუბიცის მიერ გასროლილი 155-მმ-იანი ჭურვით დაიჭრა. ამის შესახებ მან წერილი საფრანგეთის ელჩს რუსეთში, პიერ ლევის გაუგზავნა. ტექსტი მან საკუთარ ტელეგრამ-არხზე გამოაქვეყნა.

როგოზინის მტკიცებით, ის ფრანგული Caesar-ის მიერ განხორციელებული იერიშის შედეგად დაიჭრა.

"ცოტა ხნის წინ დონეცკში ჩადენილი ამაზრზენი ტერაქტის შედეგად მძიმედ დავშავდი. მხოლოდ რუსი სამხედრო და სამოქალაქო ექიმების დიდი ოსტატობის წყალობით კვლავ ცოცხალი ვარ და თითქმის გამოვჯანმრთელდი. ამ კონვერტში ჩემს წერილთან ერთად ხედავთ ფრანგული 155-მმ-იანი თვითმავალი საარტილერიო დანადგარი Caesar-ის ჭურვის ფრაგმენტს. მან მე მარჯვენა მხარი გამიხვრიტა და კისრის მეექვსე მალაში გამეჭედა, მილიმეტრები დააკლდა რომ მოვეკალი ან უძრავ ინვალიდად ვექციე. ფრანგული ჰაუბიციდან ნასროლმა ამ ჭურვმა ჩემი ორი ახალგაზრდა მეგობარი მოკლა". – ამბობს როგოზინი წერილში.

როგოზინს სურს, რომ ელჩმა მისი ხერხემლიდან ამოღებული ფრაგმენტი საფრანგეთის პრეზიდენტს, ემანუელ მაკრონს გაუგზავნოს.

"ვიმედოვნებ, გესმით თქვენი პირდაპირი პასუხისმგებლობა ამ მკვლელობებზე! თქვენ ხომ მეხუთე რესპუბლიკის საგანგებო და სრულუფლებიანი წარმომადგენელი ხართ, პასუხიც მოგეთხოვებათ. რაც შეეხება ფრაგმენტს, რომელიც ქირურგებმა ხერხემლიდან ამომაცალეს, გთხოვთ გადასცეთ საფრანგეთის პრეზიდენტ ემანუელ მაკრონს". – წერს როგოზინი. 

21 დეკემბერს გავრცელდა ცნობა, რომ დმიტრი როგოზინი უკრაინელების მიერ ოკუპირებულ დონეცკში მდებარე სასტუმროს დაბომბვის შედეგად დაიჭრა. როგორც რუსული მედია წერდა, სასტუმროში განთავსებული იყვნენ სამხედრო მრჩევლები. 

სასტუმრო-რესტორანი შეშ-ბეშის კომპლექსი ფრონტის ხაზიდან 20 კილომეტრში მდებარეობს. აქ ტარდებოდა "სამუშაო შეხვედრა", როგორც ეს როგოზინმა თქვა. აქამდე BAZA-მ გაავრცელა ინფორმაცია, რომ როგოზინი რესტორანში საკუთარ დაბადების დღეს აღნიშნავდა.

კომენტარები