საფრანგეთი-რუსეთი

სიტიიზე საფრანგეთის საგარეო მინისტრის კომენტარის გამო, რუსეთმა საფრანგეთის ელჩი გამოიძახა

დმიტრი სიტიი

ცენტრალურ აფრიკის რესპუბლიკაში დაშავებული რუსი ბიზნესმენის, დმიტრი სიტიიზე საფრანგეთის საგარეო საქმეთა მინისტრის კომენტარის გამო, რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ მოსკოვში საფრანგეთის ელჩი, პიერ ლევი გამოიძახა

"მის მიმართ გამოხატულ იქნა მკაცრი პროტესტი, საფრანგეთის რესპუბლიკის ევროპისა და საგარეო საქმეთა მინისტრის, კატრინ კოლონას მიერ ნათქვამ სიტყვებთან დაკავშირებით, რაც ეხებოდა ცენტრალური აფრიკის რესპუბლიკაში, ბანგიში რუსული კომპანია რუსული სახლის გენერალური დირექტორის, დმიტრი სიტიის მკვლელობის მცდელობას". – ნათქვამია რუსეთის საგარეო უწყების განცხადებაში. 

რუსული მხარის მტკიცებით, გასულ დღეებში ცენტრალური აფრიკის რესპუბლიკაში აშშ-ს მიერ სანქცირებული რუსი ბიზნესმენის, დმიტრი სიტიის მკვლელობა სცადეს. რუსი ოლიგარქი და კერძო სამხედრო კომპანია ვაგნერის ჯგუფის დამფუძნებელი, ევგენი პრიგოჟინი მომხდარში ფრანგებს ადანაშაულებდა, თუმცა არანაირი სამხილი არ წარუდგენია. მისივე მტკიცებით, სიტიის ფრანგებმა წერილიც დაუტოვეს, რომ "რუსები აფრიკას უნდა მოშორდნენ". ამის შემდეგ რუსულ მედიაში გამოჩნდა თითქოსდა შემთხვევის ადგილის ამსახველი ფოტოები, რომლებშიც შესაბამისი შინაარსის წერილი ჩანდა. ამ ფოტოებთან დაკავშირებით საფრანგეთის საგარეო მინისტრმა კომენტარი გააკეთა, "ცრუ ინფორმაცია" და "რუსული პროპაგანდის კარგი მაგალითი" უწოდა. ამას გარდა, კატრინ კოლონას თქმით, "ზოგიერთი კერძო რუსული სამხედრო სტრუქტურა" ცენტრალურ აფრიკაში "მოსახლეობის მიმართ ძალადობს".

რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროში გამოძახებულ ელჩს უთხრეს, რომ მსგავსი ბრალდებები მიუღებელია. 

დმიტრი სიტიი აშშ-ს მიერ სანქცირებულია ვაგნერის ჯგუფთან არსებული კავშირების გამო.

რუსული სამთავრობო-პროპაგანდისტული მედიის ინფორმაციით, სიტიი ამჟამად მოსკოვშია გადაყვანილი, სადაც ჯერ კიდევ მკურნალობს.

ცენტრალურ აფრიკაში ვაგნერთან დაკავშირებული რუსი "მკვლელობის მცდელობის" შედეგად დაშავდა

ევგენი პრიგოჟინის მტკიცებით, 11 ნოემბერს დმიტრი სიტიიმ მიიღო გზავნილი, რომელშიც მისი საფრანგეთში მცხოვრები შვილის ფოტო იდო წერილთან ერთად, რომელშიც, მისივე სიტყვებით, ეწერა, რომ შემდეგ ჯერზე გზავნილით შვილის თავს მიიღებდა, თუ რუსები აფრიკას არ დატოვებდნენ და საფრანგეთს არ დაუთმობდნენ ადგილს. პრიგოჟინის თქმით, 16 დეკემბერს სიტიიმ კვლავ მიიღო გზავნილი, რომელშიც მას ეგონა, რომ თავისი შვილის თავი იდო, შემდეგ მან გახსნა პაკეტი, რომელიც აფეთქდა. 

პრიგოჟინის მტკიცებით, გონების დაკარგვამდე სიტიიმ თქვა: "დავინახე წერილი: "ეს შენ ყველა ფრანგისგან, რუსებო, მოშორდით აფრიკას"".


მას შემდეგ, რაც ცენტრალური აფრიკის რესპუბლიკის პრეზიდენტმა, ფოსტენ არშანჟ ტუადერამ მეამბოხეთა წინააღმდეგ 2018 წელს ვაგნერის ჯგუფი დაიქირავა, პარიზი ყოფილ კოლონიაზა გავლენის შენარჩუნებას ცდილობს. ცენტრალური აფრიკის რესპუბლიკა ფრანგი სამხედროების დარჩენილმა მცირე კონტინგენტმა რამდენიმე დღის წინ დატოვა.

საფრანგეთმა, რუსეთის სასარგებლოდ, გავლენა მალიშიც დაკარგა, სადაც ვაგნერის ჯგუფი ისლამისტ ექსტრემისტებთან საბრძოლველად დაიქირავეს.

ცენტრალური აფრიკის რესპუბლიკასა და მალიში ვაგნერის ჯგუფს ანაზღაურებას არა მხოლოდ ფულით, არამედ ოქროს მოპოვებაზე შეღავათებითაც უხდიან.

ამას გარდა, გასულ დღეებში განის პრეზიდენტმა, ნანა აკუფო-ადდომ გააჟღერა ბრალდება, რომ მეზობელმა ბურკინა-ფასომ ვაგნერთან შეთანხმებას მიაღწია.

ვაგნერის ჯგუფი უკრაინაში მიმდინარე ომში რუსეთისთვის მნიშვნელოვანი სამხედრო ძალაა. ჯგუფს ბრალად ედება ომის დანაშაულების ჩადენა უკრაინაში, სირიასა და აფრიკის ქვეყნებში.

კომენტარები