ვაგნერის ჯგუფი

ცენტრალურ აფრიკაში ვაგნერთან დაკავშირებული რუსი "მკვლელობის მცდელობის" შედეგად დაშავდა

ცენტრალური აფრიკის რესპუბლიკის პრეზიდენტის დაცვის სევას უსაფრთხოების სამსახურის წევრები. დანაყოფს ორგანიზაციას ვაგნერის ჯგუფი უწევს.
Florent Vergnes/AFP

ცენტრალური აფრიკის რესპუბლიკაში აშშ-ს მიერ სანქცირებული რუსი ბიზნესმენი, დმიტრი სიტიი, რომელიც ვაგნერის ჯგუფის დამფუძნებელ ევგენი პრიგოჟინთანაა კავშირში, "მკვლელობის მცდელობის" შედეგად დაშავდა. ამის შესახებ ინფორმაცია თავად პრიგოჟინის განცხადება მისი კომპანია კონკორდის პრესცენტრმა გაავრცელა. ინფორმაციას ავრცელებს ადგილობრივი რუსეთის საელჩოც.

დმიტრი სიტიი ცენტრალური აფრიკის რესპუბლიკაში 2022 წლის თებერვალში გახსნილ რუსეთის სახლს ხელმძღვანელობს. სიტიის 2020 წლის სექტემბერში აშშ-მ ვაგნერის ჯგუფთან კავშირების გამო სანქციები დაუწესა. ცენტრალური აფრიკის რესპუბლიკის მთავრობა რუსულ კერძო სამხედრო კომპანია ვაგნერს ამბოხებულთა წინააღმდეგ საბრძოლველად იყენებს.

ევგენი პრიგოჟინის მტკიცებით, 11 ნოემბერს დმიტრი სიტიიმ მიიღო გზავნილი, რომელშიც მისი საფრანგეთში მცხოვრები შვილის ფოტო იდო წერილთან ერთად, რომელშიც, მისივე სიტყვებით, ეწერა, რომ შემდეგ ჯერზე გზავნილით შვილის თავს მიიღებდა, თუ რუსები აფრიკას არ დატოვებდნენ და საფრანგეთს არ დაუთმობდნენ ადგილს. პრიგოჟინის თქმით, 16 დეკემბერს სიტიიმ კვლავ მიიღო გზავნილი, რომელშიც მას ეგონა, რომ თავისი შვილის თავი იდო, შემდეგ მან გახსნა პაკეტი, რომელიც აფეთქდა. 

პრიგოჟინის მტკიცებით, გონების დაკარგვამდე სიტიიმ თქვა: "დავინახე წერილი: "ეს შენ ყველა ფრანგისგან, რუსებო, მოშორდით აფრიკას"".

პრიგოჟინის თქმით, მან რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს მიმართა, რომ საფრანგეთი ტერორიზმის სპონსორ სახელმწიფოდ აღიარონ.

როგორც პრიგოჟინი წერდა, სიტიის გადარჩენას ცენტრალური აფრიკის რესპუბლიკაში რუსი ექიმები ცდილობდნენ. ის სავარაუდო თავდასხმის მონაწილეებს დაემუქრა. 

"თუ დმიტრიი სიტიი გადარჩება, ის ბრძოლას გააგრძელებს და საკუთარი თვალებით იხილავს, როგორ დაიწვებიან ისტორიის ცეცხლში ისინი, ვინ მისი მკვლელობა სცადა. თუ დაიღუპება, მაშინ სამუდამოდ ამ ბრძოლის სიმბოლოდ დარჩება". – წერდა პრიგოჟინი. 

ვაგნერის დამფუძნებელს საკუთარი ბრალდებების არანაირი დამამტკიცებელი საბუთი არ წარუდგენია.

რუსული მედიის 18 დეკემბრის ცნობით, სიტიი გონს მოვიდა. 

საფრანგეთის საგარეო უწყებამ შემთხვევაში ჩართულობა უარყო. 

მას შემდეგ, რაც ცენტრალური აფრიკის რესპუბლიკის პრეზიდენტმა, ფოსტენ არშანჟ ტუადერამ მეამბოხეთა წინააღმდეგ 2018 წელს ვაგნერის ჯგუფი დაიქირავა, პარიზი ყოფილ კოლონიაზა გავლენის შენარჩუნებას ცდილობს. ცენტრალური აფრიკის რესპუბლიკა ფრანგი სამხედროების დარჩენილმა მცირე კონტინგენტმა რამდენიმე დღის წინ დატოვა.

საფრანგეთმა, რუსეთის სასარგებლოდ, გავლენა მალიშიც დაკარგა, სადაც ვაგნერის ჯგუფი ისლამისტ ექსტრემისტებთან საბრძოლველად დაიქირავეს.

ცენტრალური აფრიკის რესპუბლიკასა და მალიში ვაგნერის ჯგუფს ანაზღაურებას არა მხოლოდ ფულით, არამედ ოქროს მოპოვებაზე შეღავათებითაც უხდიან.

ამას გარდა, გასულ დღეებში განის პრეზიდენტმა, ნანა აკუფო-ადდომ გააჟღერა ბრალდება, რომ მეზობელმა ბურკინა-ფასომ ვაგნერთან შეთანხმებას მიაღწია.

ვაგნერის ჯგუფი უკრაინაში მიმდინარე ომში რუსეთისთვის მნიშვნელოვანი სამხედრო ძალაა. ჯგუფს ბრალად ედება ომის დანაშაულების ჩადენა უკრაინაში, სირიასა და აფრიკის ქვეყნებში.

კომენტარები