მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობა

ადვოკატი სააკაშვილზე: რთული მდგომარეობა დამხვდა, საუბრის დროს ერთი-ორჯერ გაითიშა

მიხეილ სააკაშვილის ადვოკატის, შალვა ხაჭაპურიძის თქმით, დღეს მას ექსპრეზიდენტი კლინიკა ვივამედში ნახევრად გათიშულ მდგომარეობაში დახვდა. ხაჭაპურიძის თქმით, საუბრის დროს, სააკაშვილი რამდენიმეჯერ გაითიშა კიდეც.

"ძალიან რთული მდგომარეობა დამხვდა. მიხეილ სააკაშვილი ნახევრად გათიშულ მდგომარეობაში იყო და გარკვეული პერიოდი დამჭირდა, რომ გონზე მომეყვანა. მძიმედ საუბრობდა, შესვენებებით, უჭირდა და საუბრის დროს ერთი-ორჯერ გაითიშა კიდეც [...] ასეთი ეპიზოდი 3-4 ჯერ იყო. რომ შევედი, იწვა და ვხედავდი, რომ უკვე აღარ მელაპარაკებოდა". - ამბობს ხაჭაპურიძე.

აგრეთვე, შალვა ხაჭაპურიძის თქმით, მიხეილ სააკაშვილს სურვილი აქვს, რომ ხვალინდელ სასამართლო სხდომაზე ჩაერთოს.

"რაც შეეხება ხვალინდელ სასამართლო პროცესს. მიხეილ სააკაშვილს სურვილი აქვს, რომ სხდომაზე ჩაერთოს. შეეცდება, რომ რაღაც თქვას, რა თქმა უნდა, თუ შეძლო, მაგრამ თუ ასეთივე მდგომარეობაში იყო, როგორც დღეს, რაიმეს თქმა გაუჭირდება, ჩართვით კი ჩაერთვება". - თქვა ხაჭაპურიძემ.

14 დეკემბერს საქალაქო სასამართლოში სააკაშვილის საქმეზე პროცესი გაიმართება. მოსამართლემ ადვოკატების შუამდგომლობის საფუძველზე, ექსპრეზიდენტის სასჯელის გადავადებაზე, ან მისგან სრულად გათავისუფლებაზე უნდა იმსჯელოს.

ექიმების, ოჯახის წევრებისა და ადვოკატების ინფორმაციით, ბოლო პერიოდში მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა დამძიმდა - მათივე ინფორმაციით, სააკაშვილი ვერ გადაადგილდება და 80 კილოგრამზე ნაკლებს იწონის. სახალხო დამცველის შექმნილი სამედიცინო კონსილიუმის დასკვნით, მიხეილ სააკაშვილს IV ხარისხის კახექსია აქვს და ამას სიცოცხლისთვის მძიმე პროგნოზი შეიძლება მოჰყვეს.

მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ დასკვნა გამოაქვეყნა ცენტრმა ემპათიამაც - მათი ცნობით, სააკაშვილს აქვს 10 დიაგნოზი, რომელიც მის პატიმრობას შეუთავსებელს ხდის. დიაგნოზებს ემპათია არ ასაჯაროვებს. მათივე ცნობით, სააკაშვილის ამჟამინდელი ჯანმრთელობის მდგომარეობა ფასდება როგორც მძიმე და პატიმრობასთან შეუთავსებელი - ცალკეული დიაგნოზები ცალკეც და ერთობლიობაში გამოიწვევს ჯანმრთელობის მდგომარეობის შეუქცევად მოშლას, სიცოცხლის ხანგრძლივობის შემოკლებას და სიკვდილსაც, თუკი მას არ მიეცემა შესაძლებლობა მიიღოს ადეკვატური დიაგნოსტიკისა და მკურნალობის უფლება.  

ამერიკელი პროფესორის, ტოქსიკოლოგ დევიდ სმიტის დასკვნის მიხედვით, ექსპრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის თმისა და ფრჩხილის ექსპერტიზის შედეგად, ორგანიზმში მძიმე მეტალების, კერძოდ ვერცხლისწყლისა და დარიშხანის კვალი აღმოაჩინეს. სმიტის აზრით, ნაკლებსავარაუდოა, რომ ტოქსინები ორგანიზმში მკურნალობის შედეგად მომხვდარიყო. 

“ტოქსიკოლოგიური ანალიზის საფუძველზე ვასკვნი, რომ იმ პათოლოგიურ სიმპტომთა უმრავლესობა, რომელიც სააკაშვილს გამოუვლინდა, მძიმე მეტალებით მისი მოწამვლის შედეგია”. - წერია დასკვნაში.  

კომენტარები