მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა

ვივამედი: მიხეილ სააკაშვილის მდგომარეობა სტაბილურია, მკურნალობა გრძელდება

მიხეილ სააკაშვილი

სამედიცინო ცენტრ ვივამედის კლინიკური დირექტორის, ზურაბ ჩხაიძის თქმით, ექსპრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის მდგომარეობა სტაბილურია და მისი მკურნალობა გრძელდება.

"თავიდანვე გეტყვით, რომ ეს სწორი ინფორმაცია არ არის. მე არ ვიცი, ეს ინფორმაცია საიდან გავრცელდა, ან ვინ ავრცელებს. მიხეილ სააკაშვილის მდგომარეობა სტაბილურია, მისი სასიცოცხლო პარამეტრებიც სტაბილურია. შესაბამისად, მკურნალობა გრძელდება". - ასე უპასუხა ზურაბ ჩხაიძემ ჟურნალისტების კითხვას, ემზადება თუ არა ვივამედი ექსპრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის რეანიმაციაში გადასაყვანად.

ამერიკელი პროფესორის, ტოქსიკოლოგ დევიდ სმიტის რამდენიმე დღის წინ გავრცელებული  დასკვნის მიხედვით, ექსპრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის თმისა და ფრჩხილის ექსპერტიზის შედეგად, ორგანიზმში მძიმე მეტალების, კერძოდ ვერცხლისწყლისა და დარიშხანის კვალი აღმოაჩინეს. სმიტის აზრით, ნაკლებსავარაუდოა, რომ ტოქსინები ორგანიზმში მკურნალობის შედეგად მომხვდარიყო. 

ამასთანავე, ემპათიას განცხადების მიხედვით, ამჟამად მიხეილ სააკაშვილს აღენიშნება სიმპტომები და დიაგნოზები ნეირო-ფსიქიკური, გასტრო-ენტეროლოგიური, საყრდენ-მამოძრავებელი სისტემისა და მხედველობის მხრივ. მათივე ცნობით, სააკაშვილს აქვს დაუდგენელი ეტიოლოგიის ცხელება, ანორექსია, წონაში სწრაფი კლება, კუნთების, სახსრების ძვლების ტკივილი, კუნთების განლევა, "რომელიც შესაძლოა წარმოადგენდეს დაუდგენელი ინფექციური პროცესის ან/და შესაძლო ინტოქსიკაციის შედეგებსაც". 

კომენტარები