მიხეილ სააკაშვილი

"სასჯელისგან გათავისუფლება ან გადავადება" – სააკაშვილის ადვოკატებმა სასამართლოს მიმართეს

მიხეილ სააკაშვილი

ექსპრეზიდენტის, მიხიელ სააკაშვილის ადვოკატმა, შალვა ხაჭაპურიძემ სასამართლოს სააკაშვილის სასჯელისგან სრულად გათავისუფლების ან მისი გადავადების შუამდგომლობით მიმართა. 

"საქმეში წარმოდგენილი გვაქვს სხვადასხმა მტკიცებულება, რომლითაც ჩვენ სასამართლოს დავუმტკიცებთ, რომ სააკაშვილის მიმართ საქართველოში ვერ ტარდება ადეკვატური მკურნალობა და ვერც ჩატარდება. შესაბამისად, ვაყენებთ შუამდგომლობას მისი სასჯელისგან სრულად გათავისუფლების, ხოლო ალტერნატივის სახით დანიშნული სასჯელის გადავადების შესახებ.  

მეორე მხარეს არ ექნება თითქმის არანაირი არგუმენტი - სასამართლო პროცესებზე ნახავთ. ეს იქნება მართლაც ისტორიული საქმე, დიდ ცვლილებას შეიტანს ქართულ მართლმსაჯულებაში და, ზოგადად, პატიმრების ადამიანის უფლებათა დაცვის საქმეში". - ამბობს ადვოკატი.    

მიხეილ სააკაშვილის ოჯახისა და ადვოკატების ინფორმაციით, ექსპრეზიდენტის ჯანმრთელობის მდგომარეობა ბოლო პერიოდში დამძიმდა. მათი ინფორმაციით, სააკაშვილს გადაადგილება არ შეუძლია. ადვოკატები მის სამკურნალოდ გადაყვანას უცხოეთში ითხოვენ - ამბობენ, რომ საქართველოში სააკაშვილს შესაბამისი სამედიცინო დახმარება ვერ მიეწოდება. მიხეილ სააკაშვილის მდგომარეობის შესახებ კვლევის დასკვნას დღეს, 1-ელ დეკემბერს გამოაქვეყნებს ცენტრი ემპათია.  

იუსტიციის მინისტრმა, რატი ბრეგაძემ  მიხეილ სააკაშვილს შესთავაზა, ჩამოიყვანოს "ნებისმიერი უცხოური კლინიკიდან ნებისმიერი ექიმი", რომელსაც, მისივე თქმით, სახელმწიფო მკურნალობაში ჩართვის შესაძლებლობას მისცემს.  

28 ნოემბერს ადვოკატებმა გაავრცელეს ინფორმაცია, რომ მიხეილ სააკაშვილს საკუთარ სასამართლო პროცესზე დასწრება სურდა და მას, სავარაუდოდ, დარბაზში ეტლით შეიყვანდნენ, რადგან გადაადგილება დამოუკიდებლად არ შეეძლო. მოგვიანებით ვივამედის ხელმძღვანელმა, ნინო ნადირაძემ თქვა, რომ ექიმებმა სააკაშვილის ტრანსპორტირება გამართლებულად არ მიიჩნიეს, რის გამოც ექსპრეზიდენტი პროცესს არ დაესწრო.   

19 ნოემბერს გიული ალასანიამ თქვა, რომ სააკაშვილის ორგანიზმში ვერცხლისწყალი აღმოაჩინეს, რომელსაც, მისივე სიტყვებით, "თვითონ ვერ გადაყლაპავდა". მოგვიანებით, ადვოკატმა, ვალერი გელბახიანმა თქვა, რომ სააკაშვილი მოწამლულია.

მისი ჯანმრთელობის მდგომარეობისა და მოწამვლის შესახებ გავრცელებულ ცნობებს განცხადებით გამოეხმაურა თავად მიხეილ სააკაშვილი - მისი თქმით, მისი არცერთი ადვოკატისთვის არასდროს არ უთქვამს, რომ მოწამვლაზე ეჭვი აქვს და "სპეკულაციები უადგილოა". იუსტიციის მინისტრის თქმით, მოწამვლის ინფორმაციაზე ექსპერტიზას მიმართეს, თუმცა სააკაშვილმა უარი თავად თქვა. 

კომენტარები