მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა

ადვოკატი: მიხეილ სააკაშვილს ორგანიზმში დარიშხანიც აღმოაჩნდა

ექსპრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის ადვოკატის, შალვა ხაჭაპურიძის თქმით, სააკაშვილს ორგანიზმში კიდევ ერთი ახალი ნივთიერება, დარიშხანი აღმოაჩნდა.

"ფრჩხილის ანალიზის პასუხები ჯერ არ ჩამოსულა, დღეს ჩამოვა, მაგრამ სატელეფონო საუბრით გაირკვა, რომ ფრჩხილის კვლევის შედეგად, მიხეილ სააკაშვილს კიდევ ახალი ნივთიერება, დარიშხანი ამოუვიდა". - თქვა ხაჭაპურიძემ TV პირველთან საუბარში.

მიხეილ სააკაშვილის ადვოკატები და ოჯახის წევრები ამბობენ, რომ ექსპრეზიდენტის ჯანმრთელობის მდგომარეობა დამძიმდა. ამჟამად სააკაშვილი კლინიკა ვივამედშია მოთავსებული. 19 ნოემბერს გიული ალასანიამ თქვა, რომ სააკაშვილის ორგანიზმში ვერცხლისწყალი აღმოაჩინეს, რომელსაც, მისივე სიტყვებით, "თვითონ ვერ გადაყლაპავდა". მოგვიანებით, ადვოკატმა, ვალერი გელბახიანმა თქვა, რომ სააკაშვილი მოწამლულია.

მისი ჯანმრთელობის მდგომარეობისა და მოწამვლის შესახებ გავრცელებულ ცნობებს განცხადებით გამოეხმაურა თავად მიხეილ სააკაშვილი - მისი თქმით, მისი არცერთი ადვოკატისთვის არასდროს არ უთქვამს, რომ მოწამვლაზე ეჭვი აქვს და "სპეკულაციები უადგილოა". იუსტიციის მინისტრმა, რატი ბრეგაძემ სამხარაულის ცენტრს სააკაშვილისთვის ტოქსიკოლოგიური ექსპერტიზის გაკეთებასთან დაკავშირებით მიმართა. 

კომენტარები