დეოლიგარქიზაცია

EU: დეოლიგარქიზაციის კანონპროექტის ვენეციის კომისიაში გაგზავნა პოზიტიური ნაბიჯია

საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლობა დეოლიგარქიზაციის კანონპროექტის ვენეციის კომისიაში გაგზავნასთან დაკავშირებით ქართული ოცნების განცხადებას ეხმაურება.  

"მივესალმებით საქართველოს პარლამენტის განცხადებას დეოლიგარქიზაციის შესახებ კანონპროექტის ვენეციის კომისიაში განსახილველად გაგზავნასთან დაკავშირებით, რაც პოზიტიური ნაბიჯია. მნიშვნელოვანია საერთაშორისო სტანდარტების შემქმნელებთან კონსულტაციები და მათი რეკომენდაციების შესრულება". - ვკითხულობთ განცხადებაში. 

ქართული ოცნება დეოლიგარქიზაციის კანონპროექტის ვენეციის კომისიაში გაგზავნას აპირებს. ამის შესახებ განცხადება დღეს, 28 ნოემბერს, ოცნების აღმასრულებელმა მდივანმა, მამუკა მდინარაძემ გააკეთა.     

"ნამდვილად არ მიგვაჩნია აუცილებლად და საჭიროდ, რომ გადაგზავნილი იქნას, თუმცა, იმის გამო, რომ ჩვენ პატივს ვცემთ ჩვენი მეგობრების მოწოდებას, იმის გამო, რომ ვერანაირ პრობლემას ვერ ვხედავთ, იმის გამო, რომ არ დარჩეს სპეკულაციების სივრცე, რამე არ დაბრალდეს ამ ქვეყანას და ქართულ ოცნებას, ჩვენ მივიღეთ გადაწყვეტილება, რომ კანონპროექტი გადავაგზავნოთ ვენეციის კომისიაში სამართლებრივი დასკვნისთვის. 

შესაბამისად, ჩვენ კანონის მესამე მოსმენით განხილვაზე ვიტყვით უარს და დაველოდებით ვენციის კომისიის დასკვნას. ბუნებრივია, ჩვენი კომუნიკაციის დროს თხოვნა და მოწოდება იქნება, რომ კანონი დროულად იქნეს სამართლებრივად შეფასებული და დაჩქარებული ეს პროცესი, არ მოხდეს ისე, როგორც უკრაინის შემთხვევაში, როდესაც წელიწადზე მეტი გაიწელა დასკვნის მიღება". - თქვა მან.   

2022 წლის ზაფხულში ევროკავშირის წევრობის კანდიდატობის არმინიჭების შემდეგ ევროკომისიამ საქართველოსთვის სტატუსის მინიჭების 12 პირობას შორის დეოლიგარქიზაციაც შეიტანა. ევროკავშირის რეკომენდაციის შესასრულებლად ქართულმა ოცნებამ დეოლიგარქიზაციის კანონის მიღება გადაწყვიტა, თუმცა ჯერ კიდევ პროცესის დაწყებამდე მმართველი პარტიის წევრები ღიად ამბობდნენ, რომ ივანიშვილზე დეოლიგარქიზაციის კანონი არ გავრცელდებოდა. ოპოზიცია დეოლიგაქრიზაციის კანონის მთავარ და ერთადერთ ობიექტად ბიძინა ივანიშვილს მოიაზრებდა, ხოლო მმართველი პარტია მას "ოპოზიციისთვის საკუთარ ფეხში ნასროლ ტყვიად" მოიხსენიებდა.

ვრცლად კანონპროექტზე: დეოლიგარქიზაციის კანონი იმ ერთადერთის გარეშე

ქართული ოცნების ლიდერებისა და კანონპროექტის სხვა ინიციატორების თქმით, დეოლიგარქიზაციის ქართული კანონის "ობიექტურ საზომად" უკრაინული მოდელი აიღეს, რადგან, მათი თქმით, ევროკავშირის მოწოდება სწორედ ამ ფორმას მიემართებოდა და მსგავსი საკანონმდებლო რეგულაციაც მხოლოდ უკრაინაში გვხვდება. სწორედ ამ მიზეზით, კანონპროექტის ინიციატორებმა ის შესაფასებლად ვენეციის კომისიას არ გადაუგზავნეს. მათი თქმით, ქართულ-უკრაინული კანონების მსგავსებიდან გამომდინარე, ისინიც უკრაინული კანონის შესახებ დასკვნას ელოდებიან, რადგან მის "პირდაპირპროპორციულ გამოყენებას" თავადაც შეძლებენ. 

21 ნოემბერს საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლობამ ხელისუფლებას მოუწოდა, მოითხოვონ და შეასრულონ ვენეციის კომისიის დასკვნა დეოლიგარქიზაციის კანონის შესახებ. 16 ნოემბერს პარლამენტმა კანონპროექტის არსებული რედაქცია მეორე მოსმენით უკვე მიიღო.

კომენტარები