იმედი

იმედის ჟურნალისტმა FACEBOOK-ზე კრიტიკული კომენტარების გამო მოქალაქეებს დაურეკა და მიზეზი ჰკითხა

იმედი/კადრი ვიდეოდან

სამთავრობო მედია იმედის ჟურნალისტმა, მარიკა ბაკურაძემ Facebook-ზე მისი სიუჟეტის კომენტარებში დაწერილი კრიტიკული მოსაზრებების გამო მოქალაქეებს პირადად დაურეკა და მიზეზი ჰკითხა.  

გადაცემის თემა სოციალურ ქსელში სხვისი შეურაცხყოფა იყო. იმედის დღის ჟურნალისტები სტუმართან განიხილავდნენ, თუ "როგორ გვაქცევს ციფრული სამყარო პოტენციურ მჩაგვრელად". 

უცნობია, როგორ მოიპოვა ჟურნალისტმა პირადი ინფორმაცია - Facebook-მომხმარებლების ტელეფონის ნომრები. სიუჟეტში ჩანს, რომ მოქალაქეები ჟურნალისტს არ იცნობენ.  ერთ-ერთი მოქალაქის კითხვას, საიდან გაიგო მისი ნომერი, მარიკა ბაკურაძე პასუხობს - "რა მნიშვნელობა აქვს?" 

"მე გავაკეთე ერთგვარი ექსპერიმენტი. მართლა გულწრფელად დავინტერესდი - ეს ადამიანები, ვინც ამ სიტყვებს წერენ, რამდენად ფიქრობენ იმაზე, რომ ეს არ შეიძლება იყოს ჩვეულებრივი სამეტყველო ენა. რეალურად, პირადად არ შეიძლება ასე მიმართო ადამიანებს. ამიტომ, გავაკეთე ექსპერიმენტი, რამდენიმე მათგანს დავურეკე და უბრალოდ ვკითხე, გულწრფელად - აი, თქვენ რომ ამას მიწერთ, თქვენ ასე საუბრობთ თქვენს გარემოში? ეს სწორად მიგაჩნიათ თუ არა". - ამბობს ჟურნალისტი სიუჟეტის ჩვენებამდე. 

მისივე სიტყვებით, "ზოგიერთს ძალიან გაუკვირდა ეს ზარი", მაგრამ, მისივე მტკიცებით, სიუჟეტი ყველანაირი სტანდარტის, ანონიმურობისა და "ყველაფრის დაცვით" არის გაკეთებული.  

ერთ-ერთ მოქალაქეს, რომელმაც ჟურნალისტს დაუკომენტარა - "რას ბოდიალობ", ბაკურაძემ დაურეკა და ჰკითხა: 

"ბოდიალი რას აღნიშნავს? კი, [ამიტომ გადავწყვიტე დარეკვა], რა თქმა უნდა, მე ხომ მაინტერესებს მაყურებლის აზრი. გასაგებია, შეიძლება არ ეთანხმებოდეთ, ამას არავინ არ გთხოვთ, მაგრამ მე კონკრეტულად მაინტერესებს, ადამიანებს შორის რამდენად სწორად მიგაჩნიათ ასეთი ურთიერთობის ფორმა, რომ "რაებს ბოდიალობ". ესე იგი, თქვენ თქვენს გარშემო მყოფებს ასე ეკონტაქტებით, რომ რაებს ბოდიალობ, ეს სწორი მიმართვაა?" - მიმართავს ჟურნალისტი მოქალაქეს. 

Facebook-მომხმარებლის რჩევას გემოვნებიანი სიუჟეტის გაკეთებაზე მარიკა ბაკურაძე ასე პასუხობს - "თქვენც გემოვნებიანად ისაუბრეთ ხოლმე".  

"თქვენ მე მომწერეთ ასეთი კომენტარი - როგორ აყროლდით, არ გიტყდებათო? რას გულისხმობთ ამ აყროლებაში, შეგიძლიათ, პირადად მითხრათ? მეც ამ გუნდის ნაწილი ვარ, ჩემი რეპორტაჟი იყო და მართლა მაინტერესებს, რატომ აძლევენ ადამიანები თავს უფლებას, რომ ასეთი კომენტარი დაწერონ. თუ არა მეთანხმებით, ეს კი არის პრობლემა... პირად ურთიერთობაში თქვენ ასე მიმართავთ თქვენს გარშემო მყოფებს, რომ აყროლდნენ? რატომ? თქვენ ფიქრობთ, რომ სწორი მეთოდია ასეთი საუბარი საჯარო სივრცეში?" - უთხრა მან ერთ-ერთ მოქალაქეს.  

კიდევ ერთ პირს კი, რომელიც ბაკურაძეს ეუბნება, რომ მასთან საუბრის უფლება ჯერ მოიპოვოს და შემდეგ დაურეკოს, ჟურნალისტი მიმართავს - "თქვენც მოიპოვეთ მაშინ იმის უფლება, რომ უცხო ადამიანები ასე შეაფასოთ".   

განახლება - სიუჟეტსა და მოქალაქეების რეაქციას გამოეხმაურა ავტორი, მარიკა ბაკურაძე. პოსტს სრულად გთავაზობთ:

"ვწუხვარ, რომ ასეთი აჟიოტაჟი გამოიწვია დღევანდელმა ეთერმა.

გადაცემის მთავარი თემა იყო - სიძულვილის ენა. სოციალური სივრცე, რომელიც წალეკა სალანძღავმა სიტყვებმა, ბრაზმა და აგრესიამ. ეს არის თითქოს ვირტუალური სამყარო, რომელიც განცალკევებულად გვეჩვენება ჩვენი რეალური ცხოვრებიდან, ამავდროულად კი სწორედ ესაა ჩვენი დღევანდელი ყოფა.

ამ თემას განვიხილავდით სტუდიაში მოწვეულ სტუმართან, ფსიქოლოგთან ერთად.

ამ თემის საილუსტრაციოდ მოვამზადე სიუჟეტი, სადაც სოც.ქსელში დაწერილი კომენტარების ავტორთან რეალურ ყოფაში დავრეკე და რამდენიმე შეკითხვა დავსვი - რამდენად მართებულად მიაჩნიათ მათ ამ ლექსიკით საუბარი ფეისბუქში და მათ რეალურ გარემოცვაში.

ვწუხვარ, თუ არასწორად იქნა აღქმული ეს ხაზი.

რაც შეეხება ეთიკის ნორმებს:

- სრულად იყო დაცული რესპონდენტების ანონიმურობა.

- არ გვიჩვენებია მათი კომენტარები, რათა თავიდან აგვერიდებინა მათი იდენტიფიცირება.

- პირადი კონტაქტების მოპოვება - ეს არის ჟურნალისტური საქმიანობის ნაწილი. პირადი და საერთო ნაცნობობით. დამეთანხმებით, ფეისბუქის სივრცეში კონტაქტების გარკვევა დღეს, 21-ე საუკუნეში პრობლემა არ არის. სწორედ ასე მოხდა საკონტაქტო ინფორმაციის მოძიება.

- ყველა რესპონდენტის ხმა იყო შეცვლილი, სპეციალური ეფექტით, რათა აგვერიდებინა თავიდან თითოეული მათგანის იდენტიფიცირება.

- დამერწმუნებით, ყოველ მათგანთან ვისაუბრე შეკითხვების რეჟიმში, ჩემი მხრიდან მხოლოდ ამ თემაზე დისკუსია და მათი აზრის მოსმენა იყო მნიშვნელოვანი. და საუბრის დროს, მეც ღიად და დაუფარავად ვეუბნებოდი ყველას, რომ სწორედ ეს არის ჩემი კვლევის თემა და ამ თემაზე ვმუშაობ".

კომენტარები