იმედი

კომუნიკაციების კომისია: TV იმედმა პოლიტიკური რეკლამები კანონდარღვევით გაავრცელა 

იმედი
IMEDINEWS

სატელევიზიო მაუწყებლობების მარეგულირებელი კომუნიკაციების კომისიის ცნობით, TV იმედმა წინასაარჩევნო პოლიტიკური რეკლამები კანონდარღვევით გაავრცელა. 

მონიტორინგის შედეგად გამოვლინდა, რომ TV იმედის საშუალებით კანონდარღვევით გავრცელა ორი სარეკლამო რგოლი.

პირველი მათგანი მოსახლეობას 27 ოქტომბერს ქართული ოცნების აქციაზე დასწრებისაკენ მოუწოდებდა. 

კანონდარღვევით გავრცელებული მეორე ვიდეორგოლის სახელწოდებაა "გვახსოვს" და ის წინა ხელისუფლების მმართველობის პერიოდს და ქვეყნის მესამე პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის პატიმრობას ეხება. 

"კანონმდებლობის მიხედვით, წინასაარჩევნო პოლიტიკური რეკლამა განმარტებულია როგორც მასობრივი ინფორმაციის საშუალებებში გასული ისეთი შინაარსის რეკლამა, რომელიც მიზნად ისახავს საარჩევნო სუბიექტის არჩევისთვის ხელის შეწყობას/ხელის შეშლას. ასევე, რეკლამა, რომელშიც  ნაჩვენებია საარჩევნო სუბიექტი ან მისი არჩევნებში მონაწილეობის რიგითი ნომერი და რომელიც შეიცავს წინასაარჩევნო კამპანიის ნიშნებს.

კომუნიკაციების კომისიამ შეისწავლა აღნიშნული ვიდეორგოლები და მიიჩნია, რომ ორივე რგოლი შეიცავს საარჩევნო კამპანიის ნიშნებს და შინაარსობრივად განეკუთვნებიან პოლიტიკური წინასაარჩევნო რეკლამის კატეგორიას, თუმცა ორივე განთავსებულია საარჩევნო კოდექსის დარღვევით.

კანონი ასევე ადგენს, რომ მაუწყებელმა წინასაარჩევნო პოლიტიკური რეკლამა ეთერში საარჩევნო სუბიექტის წარდგენით, საარჩევნო სუბიექტის სახელწოდებისა და მისი არჩევნებში მონაწილეობის რიგითი ნომრის მითითებით უნდა განათავსოს, რაც დარღვეულია აღნიშნული  ორი ვიდეო რგოლის  TV იმედის მიერ განთავსებისას. შესაბამისად, მაუწყებლის მიერ სუბიექტის წარდგენის გარეშე სარეკლამო რგოლის განთავსება წარმოადგენს საარჩევნო კოდექსის 186-ე მუხლის მე-19 პუნქტის დარღვევას.

გარდა ამისა, საარჩევნო კოდექსის 186-ე მუხლის მე-20 პუნქტით მაუწყებელს ეკრძალება შესაბამისი საარჩევნო სუბიექტისათვის ფასიანი რეკლამის განთავსებისათვის გადახდილ საფასურზე მეტი საეთერო დროის დათმობა, ასევე უფასო რეკლამისთვის იმაზე მეტი დროის დათმობა, ვიდრე ამას საარჩევნო კოდექსი ადგენს.

მაუწყებლის მიერ საკუთარი ინიციატივით რომელიმე საარჩევნო სუბიექტის მხარდასაჭერი (ან ხელისშემშლელი) წინასაარჩევნო რეკლამის განთავსება ეწინააღმდეგება 186-ე მუხლის მე-20 პუნქტით გათვალისწინებულ მოთხოვნას, სწორედ აღნიშნული მოთხოვნები დაარღვია TV იმედმა აღნიშნული ორი პოლიტიკური რეკლამის განთავსებით". – წერია კომუნიკაციების კომისიის განცხადებაში. 

კომენტარები