ენმ

ჭიაბერაშვილი ენმ-ს თავმჯდომარეობის კანდიდატად დადგომას ფიქრობს

ზურაბ ჭიაბერაშვილი ერთიანი ნაციონალური მოძრაობის თავმჯდომარის პოსტზე საკუთარი კანდიდატურის წამოყენებაზე ფიქრობს. ჭიაბერაშვილმა ამის შესახებ ფორმულას ეთერში ისაუბრა.

ზურაბ ჭიაბერაშვილი ამბობს, რომ არსებულ სამ კანდიდატში ვერ ხედავს მაკონსოლიდირებელ ეფექტს. 

წამყვანის კითხვას, ხედავს თუ არა ის საკუთარ თავს ასეთად, ჭიაბერაშვილმა უპასუხა: "რომ არ ვხედავდე, ამ იდეაზე საერთოდ არ ვიფიქრებდი".

"მე, რაც მაწუხებს – არსებული კანდიდატები შეძლებენ, თუ არა სწორედ მეორე თუ მესამე მხარისთვის ხელის გაწვდენას და მაკონსოლიდირებელი ფუნქციის შესრულებას. ძალიან ბევრ ადამიანს, ვისთანაც მე მისაუბრია, აწუხებთ ერთი რამ – ისინიც კი, ვინც შეიძლება სხვა პროდასავლური პარტიის მხარდამჭერები იყვნენ, ამბობენ, რომ თუ ჩვენ გვინდა შევკრათ საერთო ერთობა, ასეთი კონფრონტაცია ენმ-ში მხოლოდ ამ პარტიას კი არ ასუსტებს, არამედ ოპოზიციურ ერთობას. ზოგადად, მაკონსოლიდირებელი ეფექტი არის ზუსტად ის, რაც ჩემი ფიქრის მთავარი [მოტივია]". – თქვა ჭიაბერაშვილმა.

ჭიაბერაშვილმა ევროპული საქართველო 2021 წლის თებერვალში დატოვა. მაშინ პოლიტიკოსი წერდა, რომ აუცილებლად მიაჩნდა, გვერდზე გაწევით გზა მომავალი თაობისთვის დაეთმოთ.

ამჟამად ერთიან ნაციონალურ მოძრაობას თავმჯდომარეობის სამი კანდიდატი ჰყავს – მოქმედი თავმჯდომარე, ნიკა მელია, პარტიის წევრი ლევან ხაბეიშვილი და აქტივისტი გიორგი მუმლაძე. თავდაპირველად კენჭისყრაში მონაწილეობას აპირებდა ენმ-ს წევრი გიორგი ჩალაძეც, თუმცა მან კანდიდატურა მოხსნა.

ერთიანი ნაციონალური მოძრაობის წევრთა ნაწილი შიდაპარტიულ არჩევნებს და თავჯდომარის ხელახლა არჩევას ითხოვს. ენმ-ს წევრთა ნაწილი თავმჯდომარის არჩევნების ჩატარების იდეას დაეთანხმა და თქვა, რომ პარტიას "დამატებითი ლეგიტიმაცია სჭირდება".

ენმ-ს გენერალური მდივნის, პეტრე ცისკარიშვილის თქმით, პარტიაში აზრთა სხვადასხვაობა და თავმჯდომარის ხელახალ არჩევნებზე საუბარი მათ შორის მას შემდეგ დაიწყო, რაც ენმ-ს თავმჯდომარემ, ნიკა მელიამ ტელეკომპანია ფორმულას დამფუძნებელსა და თავდაცვის ყოფილ მინისტრს, დავით კეზერაშვილს ოლიგარქობაში დასდო ბრალი.

კომენტარები