რუსეთ-უკრაინის 2022-24 წლის ომი

Guardian: ხერსონის მოსახლეობის ცნობით, რუსები ნაგავსაყრელზე ჯარისკაცების გვამებს წვავენ

ქალაქ ხერსონის მაცხოვრებლების ცნობით, ქალაქის ნაგავსაყრელზე რუსი სამხედროები დაღუპული ჯარისკაცების გვამებს წვავდნენ. მის შესახებ ხერსონში მცხოვრებებმა Guardian-თან ისაუბრეს.

ვარაუდი გაჩნდა მას შემდეგ, რაც მოსახლეობამ არაერთხელ შენიშნა შავი სატვირთო მანქანა ნაგავსაყრელზე, ხოლო რუსი სამხედროები ტერიტორიას ბლოკავდნენ, რათა არავინ შესულიყო. 

"რუსებს შემოჰყავდათ ნაგვითა და გვამებით სავსე "კამაზი" და იწყებდნენ ერთიანად გადმოტვირთვას. ფიქრობთ ვინმე აპირებდა მათ დაკრძალვას? ყრიდნენ და შემდეგ ზემოდან ნაგავს აყრიდნენ". – ამბობს ხერსონის მაცხოვრებელი Guardian-თან.

ეჭვს ასევე ამყარებს ის ფაქტი, რომ ნაგავსაყრელზე შესაძლებელია სამხედრო ჩაფხუტებისა და სხვა აღჭურვილობის პოვნა. ამავდროულად, ხერსონში მაცხოვრებლები აღნიშნავენ, რომ პერიოდულად ნაგავსაყრელიდან შავი, სქელი კვამლი მოდიოდა და მძაფრი, დამპალი ხორცის სუნი დგებოდა. 

"გარანტიას გაძლევთ, რასაც იქ აკეთებდნენ, საშინელი, დამპალი ხორცის სუნი მოდიოდა. და კვამლი, ძალიან სქელი იყო". – ამბობს ხერსონის მაცხოვრებელი. 

"ასეთი სუნი არასდროს ყოფილა. ბევრი სატვირთო მანქანა იყო და ყველა შავი პარკით იყო დაფარული. არ ვიცი რა იყო შიგნით, მაგრამ კვამლიდან წამოსული მყრალი სული ისეთი ცუდია, რომ აივნის კარებსაც ვერ ვაღებდით. იყო დღეები, როდესაც სუნის გამო სუნთქვაც რთული იყო". – ამბობს 65 წლის ნატალია ხერსონიდან. 

11 ნოემბერს რუსეთის თავდაცვის სამინისტრომ გამოაცხადა, რომ ხერსონის მარჯვენა სანაპიროდან ჯარების გაყვანა დაასრულეს. ამავე დღეს უკრაინის შეიარაღებული ძალები ქალაქ ხერსონში შევიდნენ და ოლქში გარკვეულ ტერიტორიებზე კონტროლი აღადგინეს.

ოკუპირებული ხერსონის ე.წ. რეგიონის ადმინისტრაციის მოადგილე, კირილ სტრემოუსოვი გასულ კვირაში ამბობდა, რომ მათი სამხედროები, შესაძლოა ხერსონიდან დნეპრის მარცხენა სანაპიროზე გადასულიყვნენ. აღსანიშნავია, რომ სტრემოუსოვი 9 ნოემბერს ავტოსაგზაო შემთხვევას ემსხვერპლა.

ოქტომბრის შუა რიცხვებში ოკუპირებული ხერსონის მარიონეტულმა ადმინისტრაციამ მოსახლეობის დნეპრის მარცხენა სანაპიროზე ევაკუაცია დაიწყო. 18 ოქტომბერს საოკუპაციო ადმინისტრაციის მეთაურმა, ე.წ. გუბერნატორის მოვალეობის შემსრულებელმა, ვლადიმირ სალდომ თქვა, რომ მიიღო "მძიმე, მაგრამ სწორი გადაწყვეტილება" და მოსახლეობას დნეპრის მარჯვენა სანაპიროდან მარცხენაზე გადაიყვანდნენ. აქამდე, 5 დღით ადრე, სალდომ მოსახლეობის ევაკუაციაში დახმარება რუსეთის მთავრობას სთხოვა.

28 ოქტომბერს ხერსონის მარიონეტულმა ადმინისტრაციამ გამოაცხადა, რომ ოლქში მდინარე დნეპრის მარჯვენა სანაპიროდან მოქალაქეების ევაკუაციის პროცესი დაასრულეს, მათ შორის რეგიონალური ცენტრიდან, ქალაქი ხერსონიდან. ევაკუაცია სავალდებულო არ ყოფილა.

18 ოქტომბერს უკრაინაში რუსეთის ძალების მეთაურმა სერგეი სუროვიკინმა თქვა, რომ ხერსონის მიმართულებით რთულ ვითარებაში არიან და არ გამორიცხა "რთული გადაწყვეტილების" მიღების შესაძლებლობა.

 

კომენტარები