რუსეთ-უკრაინის 2022-24 წლის ომი

ბერლუსკონი უკრაინაში ომის დასასრულებლად მოლაპარაკებების დაწყებას შობამდე გეგმავს – Spectator

Getty Images

ბრიტანული გამოცემის The Spectator-ის ინფორმაციით, იტალიის ყოფილ პრემიერმინისტრს სილვიო ბერლუსკონის სჯერა, რომ მხოლოდ მას შეუძლია ძველი მეგობარი, რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტი, ვლადიმირ პუტინი მოლაპარაკებების მაგიდასთან მიიყვანოს. 

მედიის ცნობით, ბერლუსკონი მისი შუამდომლობით მოლაპარაკებების დაწყებას შობამდე გეგმავს. 

ჯორჯია მელონის ახალ მთავრობაში კულტურის მიმართულებით მდივნის მოადგილემ და ბერლუსკონის წარმომადგენელმა, ვიტორიო სგარბიმ გამოცემას უთხრა, რომ ბერლუსკონი თავს ერთადერთ შესაძლო შუამავლად მიიჩნევს. 

"ბერლუსკონს Beau Geste უყვარს. და ეს ისაა, რაც მხედველობაში აქვს. მას სჯერა, რომ ამას შეძლებს და თუ ეს მოახერხა ისე, რომ NATO-ს პოზიცია არ შეილახა, ისტორიის წიგნებში შევა, როგორც მსოფლიო გმირი". - აღნიშნა მან.

ბერლუსკონის პარტია ფორცა იტალია იმ მემარჯვენე კოალიციის ნაწილია, რომელმაც გასულ თვეს ჯორჯია მელონის ხელმძღვანელობით ახალი მთავრობის ფორმირება შეძლო. მიუხედავად იმისა, რომ იტალიის ვიცეპრემიერი და საგარეო საქმეთა მინისტრი ანტონიო ტაიანი გახდა, რომელიც ბერლუსკონის ერთ-ერთი პირველი მოადგილე იყო, მელონის მთავრობა მკაცრად ინარჩუნებს უკრაინის მხარდამჭერ კურსს. 

აქამდე, ჯორჯია მელონიმ სილვიო ბერლუსკონი გააფრთხილა, რომ რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტთან, ვლადიმირ პუტინთან მეგობრობით ამცირებს საკუთარ შანსებს, ჰქონდეს ნებისმიერი გავლენა ახალ მთავრობაზე. 

მელონიმ ხაზი გაუსვა, რომ იტალიის ახალი მთავრობა, უკრაინაში მიმდინარე ომის ფონზე, იქნება NATO-სა და ევროკავშირის მხარდამჭერი. 

ბერლუსკონი ჯერ კიდევ არჩევნების მიმდინარეობისას, სექტემბერში, ამბობდა, რომ "პუტინს უკრაინაში შეჭრის გარდა სხვა ალტერნატივა არ დაუტოვეს" და მას კიევის ხელისუფლებაში "ღირსეული ადამიანების" დასმა სურდა. ბერლუსკონის ამ განცხადებას მწვავე კრიტიკა მოჰყვა. 

თებერვლიდან მოყოლებული, ბერლუსკონმა რამდენიმეჯერ აღნიშნა, რომ შეურაცხყოფილი იყო უკრაინაში პუტინის მოქმედებებით. მან თქვა, რომ ორჯერ სცადა რუსეთის პრეზიდენტისთვის დარეკვა, მაგრამ უშედეგოდ. ამის შემდეგ, მისმა პარტიამ მხარი დაუჭირა უკრაინაში იარაღის გაგზავნას და რუსეთის წინააღმდეგ სანქციების დაწესებას.

თუმცა, გასულ თვეს ბერლუსკონი"ტრაბახობდა", რომ აღადგინა კავშირი პუტინთან და ბოლო, 86 წლის იუბილეზე არაყი და ღვინო გაცვალეს. "ვინც იტალიის დასავლეთთან ყოფნას არ ემხრობა, მთავრობაში ვერ იქნება". - აღნიშნა მელონიმ ბერლუსკონის პასუხად.

კომენტარები