რაკეტის ჩამოვარდნა პოლონეთში

ზელენსკი პოლონეთზე: რუსული სარაკეტო თავდასხმაა კოლექტიურ უსაფრთხოებაზე, უნდა ვიმოქმედოთ!

უკრაინის პრეზიდენტი, ვოლოდიმირ ზელენსკი
REUTERS/Valentyn Ogirenko

უკრაინის პრეზიდენტი, ვოლოდიმირ ზელენსკიმ მედიებისა და ოფიციალური პირების ინფორმაციას პოლონეთში რუსული რაკეტების ჩამოვარდნის შესახებ ძალიან მნიშვნელოვანი ესკალაცია უწოდა.

"დღეს მოხდა ისეთი რამ, რაზეც ჩვენ დიდი ხანია ვაფრთხილებდით. ტერორი არ შემოიფარგლება ჩვენი სახელმწიფო საზღვრებით. რუსული რაკეტები პოლონეთს მოხვდა. რამდენჯერ უთქვამს უკრაინას, რომ ტერორისტული სახელმწიფო ჩვენი ქვეყნით არ შემოიფარგლება? რაკეტების გასროლა ნატოს ტერიტორიაზე, ეს არის რუსული სარაკეტო თავდასხმა კოლექტიურ უსაფრთხოებაზე! ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი ესკალაცია. ჩვენ უნდა ვიმოქმედოთ."- ამბობს ზელენსკი ვიდეომიმართვაში. 

მისივე თქმით, უკრაინა პოლონეთს მხარს ყოველთვის დაუჭერს. 

მედიაში გავრცელებული ინფორმაციითა და აშშ-ს დაზვერვის წყაროების ცნობით, პოლონეთში, უკრაინის საზღვრის მახლობლად მდებარე სოფელ პშევოდოვში რუსული რაკეტა ჩამოვარდა. მათივე ინფორმაციით, შემთხვევას 2 ადამიანი ემსხვერპლა. ქვეყნის პრემიერმინისტრმა, მატეუშ მორავიეცკიმ უსაფრთხოების საბჭო მოიწვია. რუსულ რაკეტებზე ინფორმაციას პოლონეთის მთავრობა ჯერჯერობით არ ადასტურებს.

რუსეთის თავდაცვის სამინისტრო ინფორმაციას პოლონეთში რუსული რაკეტების ჩამოვარდნის შესახებ პროვოკაციას უწოდებს.

15 ნოემბერს რუსეთმა უკრაინის კრიტიკულ ინფრასტრუქტურაზე კიდევ ერთხელ მიიტანა მასობრივი იერიშები. თავდასხმების შედეგად ქვეყნის დიდ ნაწილს შეუწყდა ენერგომომარაგება. ელექტროენერგიის მიწოდება შეწყდა უკრაინის მეზობელ მოლდოვის ზოგიერთ რეგიონშიც.

აღსანიშნავია, რომ რუსულ რაკეტებს უკრაინის მეზობელი ქვეყნების საზღვრები აქამდეც დაურღვევიათ. 31 ოქტომბერს მოლდოვის საჰაერო სივრცე უკრაინის მიერ მოგერიებულმა რუსულმა რაკეტამ დაარღვია.

კომენტარები