რაკეტის ჩამოვარდნა პოლონეთში

ესტონეთი: მზად ვართ, დავიცვათ NATO-ს მთელი ტერიტორია

ესტონეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო ეხმაურება აშშ-ს დაზვერვის ანონიმური წყაროს მიერ გავრცელებულ ინფორმაციას, რომ პოლონეთში, უკრაინის საზღვართან რუსული რაკეტა ჩამოვარდა, რასაც ორი ადამიანი ემსხვერპლა.

ესტონეთი სრულ სოლიდარობას უცხადებს პოლონეთს და აცხადებს, რომ NATO-ს ტერიტორიას სრულად დაიცავს.

"პოლონეთიდან წამოსული უახლესი ამბები შემაშფოთებელია. ჩვენ ახლო კონსულტაციას გავდივართ როგორც პოლონელ, ასევე ჩვენს დანარჩენ მოკავშირეებთან. ესტონეთი მზად არის დაიცვას NATO-ს მთელი ტერიტორია. სრულ სოლიდარობას ვუცხადებთ ჩვენს ახლო მოკავშირე პოლონეთს.

AP News-თან და The Washington Post-თან აშშ-ს დაზვერვის ანონიმურმა წყარომ თქვა, რომ პოლონეთში, უკრაინის საზღვართან რუსული რაკეტა ჩამოვარდა, რასაც ორი ადამიანი ემსხვერპლა.

აქამდე პოლონურ მედიაში გავრცელდა ინფორმაცია, რომ უკრაინის საზღვრი მახლობლად მყოფ სოფელ პრჟევოდოვში, მარცვლეულის საშრობ ქარხანასთან მოხდა აფეთქება, რომლის მიზეზებიც უცნობი იყო. მათივე ინფორმაციით, შემთხვევას ორი ადამიანი ემსხვერპლა. სოციალურ ქსელებში სხვადასხვა მედიასაშუალებები წერდნენ, რომ პოლონეთში უკრაინის მიმართულებით ნასროლი რუსული რაკეტა ჩამოვარდა.

პარალელურად, პოლონეთის პრემიერმინისტრმა, მატეუშ მორავიეცკიმ საგანგებო შეხვედრა მოიწვია. ინფორმაციას ჯერჯერობით არ ადასტურებენ პოლონეთის მთავრობაში. მთავრობის სპიკერმა, პიოტრ მიულერმა თქვა, რომ "კრიზისულ სიტუაციასთან" დაკავშირებით, საგანგებო შეხვედრა იმართება.

პოლონეთი NATO-ს წევრი ქვეყანაა.

15 ნოემბერს რუსეთმა უკრაინის კრიტიკულ ინფრასტრუქტურაზე კიდევ ერთხელ მიიტანა მასობრივი იერიშები. თავდასხმების შედეგად ქვეყნის დიდ ნაწილს შეუწყდა ენერგომომარაგება. ელექტროენერგიის მიწოდება შეწყდა უკრაინის მეზობელ მოლდოვის ზოგიერთ რეგიონშიც.

აღსანიშნავია, რომ რუსულ რაკეტებს უკრაინის მეზობელი ქვეყნების საზღვრები აქამდეც დაურღვევიათ. 31 ოქტომბერს მოლდოვის საჰაერო სივრცე უკრაინის მიერ მოგერიებულმა რუსულმა რაკეტამ დაარღვია.

კომენტარები