რუსეთ-უკრაინის 2022-24 წლის ომი

ISW: ხერსონში დიდი გამარჯვება უკრაინისთვის ბოლო არ იქნება

რუსი ჯარისკაცები ხერსონში, 20 მაისი
AP

ომის კვლევის ინსტიტუტი (ISW) უკრაინაში მიმდინარე ომზე 10 ნოემბრის ანგარიშს აქვეყნებს, სადაც ყურადღება გამახვილებულია რუსული ძალების მიერ ხერსონიდან უკან დახევაზე და ზამთრის პერიოდში ომის მოსალოდნელ დინამიკაზე. 

ანგარიშის მიხედვით, რუსების მდინარე დნეპრის მარჯვენა სანაპიროზე უკან დახევის პარალელურად, უკრაინული ძალები წინ მიიწევენ ხერსონის ოლქში. 

ასევე, ISW-ს მიხედვით, უკრაინაში ბრძოლა ზამთრის ამინდების გამო სავარაუდოდ არ შენელდება, რადგან ამით მხოლოდ რუსეთი იხეირებს. ამჟამიმდელი მდგომარეობით, ზამთრის ამინდები სუსტი აღჭურვილობის მქონე რუსეთის ძალებს არაპროპორციულად დააზიანებს, ამავდროულად, უკრაინული ძალები ამისთვის მზად არიან და ნაკლებად სავარაუდოა, მათი კონტრთავდასხმა შეაჩეროს ცივმა ამინდებმა, პირიქით, შესაძლოა ზამთარი თავიანთ სასარგებლოდ გამოიყენონ და უფრო ადვილად გადაადგილდნენ, ვიდრე შემოდგომაზე, როდესაც გზა ხშირად ტალახიანი იყო.

ასევე, კვლევითი ცენტრის ანალიზის მიხედვით, უკრაინა ხერსონში დიდი გამარჯვების მოპოვების პროცესშია. ცეცხლის შეწყვეტა კი კრემლს მისცემს იმ პაუზას, რომელიც მას ასე სასოწარკვეთიდ სჭირდება ძალების აღსადგენად. უკრაინის დიდი გამარჯვება, რომელიც ხერსონში მიმდინარეობს არ იქნება უკრაინისთვის ბოლო. ბრძოლა გაგრძელდება სამხრეთით: ბახმუტსა და დონეცკში (ერთადერთი ადგილები, სადაც რუსეთი თავდაცვით რეჟიმში არ არის) და ჩრდილოეთით: ლუგანსკის ოლქში. რუსეთი ცდილობს დამატებით 120 000 გაწვეულის გადამზადებას, რათა გაზაფხულზე ფრონტზე განათავსოს. ISW-ს მიხედვით, დიდი ალბათობით, უკრაინელები შეეცდებიან, სანამ ეს მოხდება, რაც შეიძლება მეტი ტერიტორია გაათავისუფლონ. ამიტომ, ზამთარში შეჩერება მხოლოდ რუსეთის ძალებს შეუწყობს ხელს.

10 ნოემბერს, რუსეთის თავდაცვის მინისტრმა, სერგეი შოიგუმ რუსეთის გაერთიანებული სამხედრო დაჯგუფების მეთაურის, სერგეი სუროვიკინის მოხსენების მოსმენის შემდეგ, ქალაქ ხერსონიდან ჯარების გაყვანის ბრძანება გასცა.

"გეთანხმებით. დაიწყეთ ჯარების გამოყვანა". - მიმართა შოიგუმ სუროვიკინს.

სუროვიკინმა საკუთარ მოხსენებაში ქალაქ ხერსონიდან რუსული ჯარების გაყვანის აუცილებლობაზე ისაუბრა. მეთაურმა აღნიშნა, რომ ხერსონში მყოფი დაჯგუფებების მომარაგება და ეფექტური ფუნქციონირება ვერ ხდება.

სუროვიკინის ინფორმაციით, ოკუპირებული ხერსონიდან რუსული ჯარების გაყვანის პროცესი უახლოეს დროში დასრულდება.

რუსული ჯარების მიერ ქალაქ ხერსონის დატოვება მდინარე დნეპრის მარჯვენა სანაპიროს სრულ გათავისუფლებას გამოიწვევს.

აღსანიშნავია, რომ ქალაქი ხერსონი იყო ერთადერთი რეგიონული ცენტრი, რომელიც ომის დაწყების დღიდან რუსეთის სამხედრო კონტროლის ქვეშ იმყოფებოდა.

5 ოქტომბერს ვლადიმირ პუტინმა ხელი მოაწერა ე.წ. დსრ-ს, ე.წ. ლსრ-ს, ოკუპირებული ხერსონისა და ოკუპირებული ზაპოროჟიეს რუსეთთან შეერთების "კანონებს".

30 სექტემბერს კი, მარიონეტ ლიდერებთან ერთად, ხელი მოაწერა უკრაინის ოკუპირებული ტერიტორიების რუსეთთან შეერთების "შეთანხმებას", რომლის ფორმალური რატიფიცირებაც შემდეგში ჯერ სახელმწიფო დუმამ მოახდინა, შემდეგ კი ფედერაციულმა საბჭომაც დააკანონა.

კომენტარები