რუსეთ-უკრაინის 2022 წლის ომი

რუსეთის დუმამ უკრაინის ოკუპირებული ტერიტორიების შემოერთების რატიფიკაცია მოახდინა

რუსი ოკუპანტი ხერსონთან

რუსეთის ფედერაციის სახელმწიფო დუმამ მოახდინა უკრაინის 4 ოკუპირებული ტერიტორიის რუსეთთან შეერთების ე.წ. შეთანხმების რატიფიკაცია. აქამდე, 30 სექტემბერს "შეთანხმებებს" ხელი მოაწერეს რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმირ პუტინმა და ოკუპირებული ტერიტორიების მარიონეტმა ლიდერებმა.

23-27 სექტემბერს მოსკოვმა უკრაინის ოთხ ოკუპირებულ ოლქში: დონეცკში, ლუგანსკში, ხერსონსა და ზაპოროჟიეში ჩაატარა რუსეთთან შეერთების ფსევდორეფერენდუმები, რომელთა "შედეგებით" ამ ოლქების რუსეთის ფედერაციასთან შეერთება "გადაწყდა".

რუსეთის საოკუპაციო ძალები ამ ოთხი ოლქიდან ვერცერთს სრულად ვერ აკონტროლებენ, მარიონეტულ ადმინისტრაციებს კი პრეტენზიები ოლქის მთელ ადმინისტრაციულ საზღვრებზე აქვთ.

ჯერჯერობით, კრემლში ვერ ხსნიან, თუ რა ფარგლებში მოხდება ხერსონისა და ზაპოროჟიეს ოლქების ანექსია.

"მოსკოვი განაგრძობს კონსულტაციებს რეგიონების მოსახლეობასთან". – თქვა 3 ოქტომბერს კრემლის სპიკერმა, დმიტრი პესკოვმა ოკუპირებული ტერიოტორიების ანექსიის ფარგლებთან დაკავშირებით.

რუსეთმა მსგავსი ფსევდორეფერენდუმი აქამდე 2014 წელს ყირიმში ჩაატარა. 

ე.წ. რეფერენდუმების დანიშვნის შემდეგ, რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმირ პუტინმა რუსეთში ნაწილობრივი მობილიზაცია გამოაცხადა, ასევე თქვა, რომ რუსეთი ოკუპირებულ ტერიტორიებზე ფსევდორეფერენდუმების უსაფრთხოდ ჩატარებას უზრუნველყოფდა. ამას გარდა, პუტინი დასავლეთს კვლავ ბირთვული იარაღის გამოყენებით დაემუქრა.

რუსეთის უშიშროების საბჭოს თავმჯდომარის მოადგილე და რუსეთის ექსპრეზიდენტი, დმიტრი მედვედევი საკუთარ ტელეგრამ-არხზე წერდა, რომ ე.წ. რეფერენდუმებით ტერიტორიების ანექსიის შემთხვევაში, მათ დასაცავად, შესაძლოა, სტრატეგიული ბირთვული იარაღიც გამოიყენონ.

როგორ ამზადებდა უკრაინის კონტრიერიშამდე რუსეთი ოკუპირებული მიწების ანექსიის ნარატივს, წაიკითხეთ აქ – მითი ნოვოროსიაზე – კრემლის მზადება უკრაინის ტერიტორიების ანექსიისთვის.

კომენტარები