რუსეთ-უკრაინის 2022-24 წლის ომი

შესაძლოა, რუსეთი ირანისგან კიდევ უფრო მეტი იარაღის შეძენას ცდილობდეს – პენტაგონი

პენტაგონის პრესსპიკერი, საჰაერო ძალების ბრიგადის გენერალი პატ რაიდერი
defense.gov / Navy Petty Officer 2nd Class Alexander Kubitza

პენტაგონის პრესსპიკერის, გენერალი პატ რაიდერის თქმით, ისინი შეშფოთებული არიან, რომ რუსეთმა შესაძლოა ირანისგან მოწინავე ტექნოლოგიის კიდევ უფრო მეტი  იარაღი მიიღოს.

"ჩვენ გვაშფოთებს, რომ, შესაძლოა, რუსეთი შეეცადოს შეიძინოს მეტი მოწინავე საბრძოლო იარაღი ირანისგან. მაგალითად, მიწის-ზედა რაკეტები უკრაინაში გამოსაყენებლად". – თქვა გენერალმა პატ რაიდერმა.

CNN-ის ინფორმაციით, ირანი რუსეთისთვის, დაახლოებით, 1 000 ერთეული დამატებით იარაღის გასაგზავნად ემზადება. მათ შორისაა მცირე რადიუსის ბალისტიკური რაკეტები და მეტი თავდასხმითი დრონები, რომელსაც რუსეთი უკრაინის წინააღმდეგ გამოიყენებს.

ირანმა რუსეთს უკვე მიყიდა უპილოტო საფრენი აპარატები და პენტაგონი მოელის, რომ რუსეთი მათ მიღებას კიდევ შეეცდება.

აქამდე აშშ-მ ირანის ისლამური რევოლუციის გვარდიის კორპუსი დაადანაშაულა, რომ მათ ანექსირებულ ყირიმში გაგზავნეს სამხედროები, რომლებიც რუსებს დრონებით იერიშების მიტანაში ეხმარებიან, მათ გამოყენებაში წვრთნიან.

ირანის სამ მოქალაქეს, ისლამური რევოლუციის გვარდიის კორპუსის მაღალი რანგის გენერლებს ევროკავშირმა და დიდმა ბრიტანეთმა გასულ კვირებში სანქციები დაუწესეს. სანქციები დაუწესდა უპილოტო საფრენი აპარატების მწარმოებელ ირანულ კომპანიასაც.

ბოლო კვირებში რუსეთი უკრაინაში აქტიურად იყენებს ირანული წარმოების ე.წ. კამიკაძე დრონებს – Shahed-136-ებს. ამ შეიარაღების რუსეთისთვის მიწოდებას უარყოფენ თეირანსა და მოსკოვში.

კომენტარები