რუსეთ-უკრაინის 2022-24 წლის ომი

CNN: ირანი რუსეთისთვის 1000-მდე ბალისტიკური რაკეტისა და დრონის გადაცემისთვის ემზადება

ირანის ბალისტიკური რაკეტები, 2019 წელი

CNN-ის ცნობით, ირანი ემზადება, რომ რუსეთს დაახლოებით 1 000 დამატებითი შეიარაღება, მათ შორის მიწა-მიწის ტიპის მოკლე მანძილის ბალისტიკური რაკეტები და დრონები მიაწოდოს. CNN-ი წერს, რომ მათთან ამის შესახებ ისაუბრეს დასავლური ქვეყნების იმ წარმომადგენლებმა, რომლებიც ირანის შეიარაღების პროგრამას ყურადღებით აკონტროლებენ.

როგორც CNN-ი წერს, იარაღის გადაცემას ყურადღებით აკვირდებიან, რადგან ეს იქნება პირველი შემთხვევა, როდესაც ირანი რუსეთს გაუმჯობესებული სიზუსტის მართვად რაკეტებს მიაწვდის. 

CNN-ის ანონიმური წყაროების თქმით, რუსეთის მიერ ირანისგან მიღებული შეიარაღების ბოლო პაკეტში იყო 450-მდე დრონი, რომელთა ნაწილიც რუსეთმა უკრაინაში უკვე გამოიყენა. ანონიმურ მაღალჩინოსნებს სჯერათ, რომ რუსეთი ირანისგან შეიარაღებას წლის ბოლომდე მიიღებს.

აქამდე აშშ-მ ირანის ისლამური რევოლუციის გვარდიის კორპუსი დაადანაშაულა, რომ მათ ანექსირებულ ყირიმში გაგზავნე სამხედრო პერსონალი, რომლებიც რუსებს დრონებით იერიშების მიტანაში ეხმარებიან, მათ გამოყენებაში წვრთნიან.

ირანის სამ მოქალაქეს, ისლამური რევოლუციის გვარდიის კორპუსის მაღალი რანგის გენერლებს ევროკავშირმა და დიდმა ბრიტანეთმა გასულ კვირებში სანქციები დაუწესეს. სანქციები დაუწესდა უპილოტო საფრენი აპარატების მწარმოებელ ირანულ კომპანიასაც.

ბოლო კვირებში რუსეთი უკრაინაში აქტიურად იყენებს ირანული წარმოების ე.წ. კამიკაძე დრონებს - Shahed-136-ებს. ამ შეიარაღების რუსეთისთვის მიწოდებას უარყოფენ თეირანსა და მოსკოვში.

კომენტარები