რუსეთ-უკრაინის 2022-24 წლის ომი

შოიგუ: საბრძოლო მოქმედებების რაიონში გაგზავნილია 87 000 მობილიზებული

რუსი მღვდელი მობილიზებულ სამხედროებს აკურთხებს, ოკუპირებული ყირიმი, სევასტოპოლი, 2022 წლის 27 სექტემბერი.
Alexey Pavlishak/Reuters

რუსეთის თავდაცვის მინისტრის, სერგეი შოიგუს თქმით, უკრაინაში 300 000-დან 87 000 მობილიზებული გაგზავნეს.

"დამატებითი მომზადებისა და საბრძოლო კოორდინაციის შემდეგ, სამხედრო მოქმედებების რაიონში გაგზავნილია 87 ათასი ადამიანი". – თქვა შოიგუმ.

გუშინ, 31 ოქტომბერს რუსეთში ნაწილობრივ მობილიზაციასთან დაკავშირებული ღონისძიებები დასრულებულად გამოაცხადეს.

28 ოქტომბერს რუსეთის თავდაცვის მინისტრმა, სერგეი შოიგუმ აღნიშნა, რომ სექტემბერში გამოცხადებული 300 000 რეზერვისტის "ნაწილობრივი მობილიზაცია" დასრულდა და, მისივე თქმით, 300 000 მობილიზებული რეზერვისტიდან 218 000 ისევ წვრთნებს გადის, ხოლო 82 000 უკვე ბრძოლის ველზეა - აქედან 41 000 აქტიურ სამსახურში.

შოიგუს საპასუხოდ, პუტინმა აღიარა მობილიზაციის პრობლემები და აღნიშნა, რომ მსგავსი შემთხვევების თავიდან არიდება შეუძლებელია. 

"სპეციალური სამხედრო ოპერაციის ჩატარების გამოცდილებიდან გამომდინარე, ჩვენ უნდა დავფიქრდეთ და შევასწოროთ შეიარაღებული ძალების ყველა კომპონენტი, მათ შორის, სახმელეთო ჯარების აგებულება". - აღნიშნა პუტინმა.

21 სექტემბერს ვლადიმირ პუტინმა რუსეთში ნაწილობრივი მობილიზაცია გამოაცხადა

ნაწილობრივი მობილიზაცია გულისხმობს იმ სამხედრო მოსამსახურეების გაწვევას, ვისაც გარკვეული სამხედრო მომზადება უკვე გავლილი აქვთ. პუტინი ამბობდა, რომ სამხედროებს რეზერვიდან გაიწვევენ, პირველ რიგში, მათ, ვისაც გამოცდილება ჰქონდა. პროცესი 21 სექტემბერს დაიწყო. 

რუსი სამხედრო ასაკის მქონე ათიათასობით კაცი თავის ქვეყნიდან საქართველოში, სომხეთსა და ყაზახეთში გადავიდნენ - იმ სახელმწიფოებში, სადაც ვიზა არ სჭირდებათ. ნაწილობრივ მობილიზაციას მოჰყვა პროტესტი რუსეთის დიდ ქალაქებში. რუსეთის მასშტაბით ანტიმობილიზაციის საპროტესტო აქციებზე 2 000-ზე მეტი ადამიანი დააკავეს.

კომენტარები