საქართველო-რუსეთი

რუსეთიდან საქართველოში სექტემბერში 222 274 ადამიანი შემოვიდა – შსს-ს სტატისტიკა

TASS

შინაგან საქმეთა სამინისტროს ოფიციალური სტატისტიკის მიხედვით, გასული წლის სექტემბერთან შედარებით, საქართველოში წელს რუსეთიდან 511%-ით მეტი პირი შემოვიდა.

ოფიციალური სტატისტიკის მიხედვით, საქართველოში 2022 წლის სექტემბერში რუსეთიდან 222 274 რუსეთის მოქალაქე შემოვიდა. შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ გამოქვეყნებულ სტატისტიკაში არაა მონაცემები, თუ რამდენმა დატოვა საქართველო.

21 სექტემბერს ვლადიმირ პუტინმა რუსეთში ნაწილობრივი მობილიზაცია გამოაცხადა. გადაწყვეტილებას რუსეთის რამდენიმე ქალაქში, მათ შორის მოსკოვში, საპროტესტო აქციები მოჰყვა. ნაწილობრივი მობილიზაცია გულისხმობს იმ სამხედრო მოსამსახურეების გაწვევას, ვისაც გარკვეული სამხედრო მომზადება უკვე გავლილი აქვთ. პუტინის თქმით, სამხედროებს რეზერვიდან გაიწვევენ, პირველ რიგში მათ, ვისაც გამოცდილება აქვს. პროცესი 21 სექტემბერს დაიწყო. მობილიზებულ სამხედროებს კონტრაქტორების სტატუსი და ხელფასი ექნებათ. როგორც რუსეთის თავდაცვის მინისტრმა, სერგეი შოიგუმ თქვა, მობილიზებული იქნება დაახლოებით 300 000 სამხედრო.

მას შემდეგ, რაც რუსეთში ნაწილობრივი მობილიზაცია გამოცხადდა, რუსეთის მოქალაქეებმა ქვეყნის მასობრივი დატოვება დაიწყეს, მათ შორის საქართველოს მიმართულებით. გასულ დღეებში გავრცელდა კადრები ჩრდილოკავკასიიდან, რომლებშიც, სავარაუდოდ, საქართველოში გადმომსვლელ რუსეთის მოქალაქეთა რიგები ჩანდა. BBC ადგილობრივ კორესპონდენტზე დაყრდნობით წერდა, რომ საქართველო-რუსეთის საზღვარზე მანქანების 10 კილომეტრის სიგრძის რიგია და გამშვები პუნქტის გავლას 2 000-ზე მეტი მანქანა ელოდება.

შინაგან საქმეთა მინისტრის, ვახტანგ გომელაურის თქმით, გასულ დღეებში რუსეთიდან საქართველოში შემომსვლელ ადამიანთა რაოდენობა 40-45%-ით გაიზარდა. მისივე თქმით, რუსეთის მოქალაქეები საქართველოში ყოველთვის შემოდიოდნენ და ასეც გაგრძელდება.

კომენტარები