მთიანი ყარაბაღის კონფლიქტი

რუსეთის შუამავლობით, სომხეთმა და აზერბაიჯანმა ერთობლივი განცხადება გაავრცელეს

აზერბაიჯანის პრეზიდენტმა, ილჰემ ალიევმა, სომხეთის პრემიერმინისტრმა, ნიკოლ ფაშინიანმა და რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმირ პუტინმა სამმხრივი მოლაპარაკებების შემდეგ ერთობლივი განცხადება გაავრცელეს

კრემლის ინფორმაციით, შეხვედრაზე ლიდერებმა 2020 წლის 9 ნოემბრისა და 11 იანვრის, ასევე 2021 წლის 26 ნოემბრის სამმხრივი მოლაპარაკებების შესრულების პროცესი განიხილეს.

"მხარეებმა კიდევ ერთხელ დაადასტურეს თავიანთი ვალდებულება, მკაცრად შეასრულონ შეთანხმების ყველა პირობა აზერბაიჯანულ-სომხური ურთიერთობების ნორმალიზებისთვის. 

მხარეები შეთანხმდნენ, თავი შეიკავონ ძალის გამოყენებისგან ან მისი გამოყენების მუქარისგან, განიხილონ და გადაწყვიტონ ყველა პრობლემური საკითხი მხოლოდ სუვერენიტეტის, ტერიტორიული მთლიანობისა და საზღვრების ხელშეუხებლობის ორმხრივი აღიარების საფუძველზე გაეროს წესდების და ალმათის 1991 წლის დეკლარაციის შესაბამისად.

ასევე, აზერბაიჯანისა და სომხეთის ლიდერები მიესალმებიან რუსეთის როლს მოლაპარაკებებში და მის მზადყოფნას, განაგრძოს სახელმწიფოებთან თანამშრომლობა კავკასიაში სტაბილურობისა და კეთილდღეობის შენარჩუნებისთვის.". - წერია განცხადებაში. 

დღეს, 31 ოქტომბერს, რუსეთის პრეზიდენტი, ვლადიმირ პუტინი აზერბაიჯანელ კოლეგას, ილჰამ ალიევს შეხვდა. 

რუსული მედიის ცნობით, შეხვედრა 2 საათზე მეტხანს გაგრძელდა. პუტინმა და ალიევმა ყარაბაღში სიტუაციის ნორმალიზებისა და ორმხრივი თანამშრომლობის საჭიროებაზე ისაუბრეს. მოგვიანებით, აზერბაიჯანის პრეზიდენტმა პუტინს თავისი მედიატორული როლისთვის მადლობა გადაუხადა

"ორი წლის წინ ხელმოწერილმა სამმხრივმა ხელშეკრულებამ მრავალწლიან კონფლიქტს წერტილი დაუსვა. დრო მოვიდა, აზერბაიჯან-სომხეთს შორის ურთიერთობის ნორმალიზებაზე ვისაუბროთ და ჩვენ ძალიან ვაფასებთ თქვენს როლს ამ მიმართულებით". - მიმართა ალიევმა პუტინს.  

მანამდე ვლადიმირ პუტინი სომხეთის პრემიერმინისტრს, ნიკოლ ფაშინიანს შეხვდა. 

ვლადიმირ პუტინის თქმით, სომხეთის ხელისუფლებას აქვს პოლიტიკური ნება მთიანი ყარაბაღის კონფლიქტის მოსაგვარებლად. ამის შესახებ მან ფაშინიანთან შეხვედრის დროს ისაუბრა.

"კონფლიქტი უკვე ათობით წელია მიმდინარეობს და საჭიროა მისი როგორმე დასრულება. ვიცი, რომ თქვენ გაქვთ ამის პოლიტიკური ნება. ჩვენ მხარს ვუჭერთ ამას. საჭიროა ახლა, ან სამმხრივი შეხვედრის დროს, გადამწყვეტი მომენტების პოვნა, რომელიც წინ წასვლის საშუალებას მოგვცემს". - თქვა პუტინმა.

კომენტარები