რუსეთ-უკრაინის 2022-24 წლის ომი

ზელენსკი მარცვლეულზე: ახლა ძლიერი საერთაშორისო რეაგირებაა საჭირო – გაეროს, G20-ის დონეზე

President.gov.ua

უკრაინის პრეზიდენტის, ვოლოდიმირ ზელენსკის თქმით, რუსეთის მიერ მარცვლეულის ექსპორტის შეთანხმებიდან გასვლას ძლიერი საერთაშორისო რეაგირება სჭირდება.

"რატომ შეუძლია კრემლში რამდენიმე ადამიანს გადაწყვიტოს, ექნებათ თუ არა საკვები ეგვიპტეში ან ბანგლადეშში? ახლა ძლიერი საერთაშორისო რეაგირებაა საჭირო – როგორც გაეროს, ისე სხვა დონეზე. კერძოდ, დიდი ოცეულის დონეზე.

უკრაინა იყო და შეუძლია კვლავ გააგრძელოს გლობალური სასურსათო უსაფრთხოების ერთ-ერთ გარანტად ყოფნა. რუსული ტერორი და შანტაჟი უნდა დამარცხდეს". – თქვა ზელენსკიმ ვიდეო მიმართვაში.

უკრაინის პრეზიდენტი ამბობს, რომ რუსეთის გადაწყვეტილება პროგნოზირებადი იყო და მან მსოფლიო სასურსათო კრიზისის განზრახ გამწვავება ჯერ კიდევ სექტემბერში დაიწყო.

"სექტემბრიდან დღემდე მარცვლეულის დერეფანში უკვე დაგროვილია 176 ხომალდი, რომლებიც მათი მარშრუტით ვერ გადაადგილდებიან. მარცვლეულის ზოგიერთი გადამზიდი სამ კვირაზე მეტია იციდს. ალჟირი, ეგვიპტე, იემენი, ბანგლადეში, ვიეტნამი, სხვა ქვეყნები – ძალიან განსხვავებული ქვეყნებია მსოფლიოს სხვადასხვა კუთხიდან, თუმცა რუსეთის გადაწყვეტილებამ, დაბლოკოს ექსპორტი, შეიძლება ყველა მათგანში დესტაბილიზაცია გამოიწვიოს". – თქვა ზელენსკიმ.

29 ოქტომბერს რუსეთის თავდაცვის სამინისტრომ განცხადებაა გაავრცელა, რომლის თანახმადაც მათ უკრაინიდან მარცვლეულის ექსპორტის შესახებ შეთანხმება დატოვეს. რუსეთის თავდაცვის უწყება მიზეზად სევასტოპოლში მომხდარ "ტერაქტებს" ასახელებს, რომლის მოწყობაშიც რუსეთი უკრაინას ადანაშაულებს. რუსეთი აცხადებს, რომ თავდასხმა, რომლის შედეგადაც მათი რამდენიმე ხომალდი განადგურდა, სავარაუდოდ, უკრაინის შეიარაღებული ძალების დრონებითა და დიდი ბრიტანეთის დახმარებით მოხდა. უკრაინა და დიდი ბრიტანეთის რუსეთის ბრალდებებს უარყოფენ.

უკრაინის პორტების განბლოკვისა და მარცვლეულის ექსპორტის შეთანხმებას რუსეთმა, უკრაინამ, თურქეთმა და გაერომ ხელი 22 ივლისს მოაწერეს. შეთანხმების შედეგად, უკრაინა ქვეყნიდან დაახლოებით 20 მილიონი ტონა მარცვლეულის ექსპორტზე გადატანას შეძლებდა.

ომის დაწყების შემდეგ რუსეთმა უკრაინას კიევიდან, შავი ზღვის გავლით მარცვლეულის ექსპორტი შეუზღუდა, რამაც გლობალური სასურსათო კრიზისი გამოიწვია. მიუხედავად ამისა, მოსკოვი საერთაშორისო სასურსათო კრიზისზე პასუხისმგებლობას უარყოფს და ამგვარი ვითარების შექმნას დასავლეთის სანქციებს მიაწერს.

კომენტარები