რუსეთ-უკრაინის 2022-24 წლის ომი

"საერთო მტერზე გასამარჯვებლად" – კულება იტალიის პრემიერს საჰაერო თავდაცვის სისტემებს სთხოვს

REUTERS/Amr Alfiky

22 ოქტომბერს იტალიის პირველმა ქალმა პრემიერმინისტრმა, ჯორჯია მელონიმ, მინისტრთა კაბინეტის გუნდთან ერთად ფიცი დადო. უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრის, დმიტრო კულებას თქმით, იტალიის ახალი მთავრობის პირველი საერთაშორისო ზარი სწორედ უკრაინასთან იყო.

"ეს არის ნათელი გზავნილი, რომელსაც დამატებითი ინტერპრეტაცია არ სჭირდება". - შენიშნავს კულება. 

უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრმა იტალიის ახალ მთავრობას სთხოვა, რომ უკრაინისთვის სამხედრო დახმარების ახალ პაკეტში საჰაერო თავდაცვის სისტემები გაითვალისწინონ. 

"ტაიანის [იტალიის ახალ საგარეო საქმეთა მინისტრს] ორი რამ ვუთხარი:

  • წარმატებები ვუსურვე;
  • ვუამბე დღეს დილით დედაჩემის ზარის შესახებ, რომლის თავზეც ირანის მიერ რუსეთისთვის მიწოდებულმა დრონმა გადაიფრინა და ვთხოვე, იტალიის სამხედრო დახმარების შემდეგი პაკეტი შეიცავდეს საჰაერო თავდაცვის სისტემებს. ველოდებით მტკიცე გადაწყვეტილებებს, რომლებიც დაადასტურებს ძლიერ პოლიტიკურ გზავნილებს". - წერს კულება. 

იტალიის ახალ მთავრობასთან ურთიერთკავშირის დადასტურების შემდეგ, კულებამ აღნიშნა, რომ სწორედ საერთაშორისო პარტნიორებთან თანამშრომლობით დამარცხდება ევროპის საერთო მტერი. 

"არ დავნებდებით და გავიმარჯვებთ. სხვა ქვეყნების დახმარება გადაარჩენს უფრო მეტ სიცოცხლეს და დააჩქარებს მთელი ევროპის გამარჯვებას საერთო მტერზე". - აღნიშნავს უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრი.

იტალიის ვიცეპრემიერი და საგარეო საქმეთა მინისტრი ანტონიო ტაიანი გახდა, რომელიც ყოფილი პრემიერმინისტრის, სილვიო ბერლუსკონის ერთ-ერთი პირველი მოადგილე იყო. ტაიანი 2018 წლიდან ბერლუსკონის პარტიის, ფორცა იტალიას წევრია. 

აქამდე, ჯორჯია მელონიმ სილვიო ბერლუსკონი გააფრთხილა, რომ რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტთან, ვლადიმირ პუტინთან მეგობრობით ამცირებს საკუთარ შანსებს, ჰქონდეს ნებისმიერი გავლენა ახალ მთავრობაზე. 

მელონიმ ხაზი გაუსვა, რომ იტალიის ახალი მთავრობა, უკრაინაში მიმდინარე ომის ფონზე, იქნება NATO-სა და ევროკავშირის მხარდამჭერი. 

კომენტარები