რუსეთ-უკრაინის 2022-24 წლის ომი

ISW: უკრაინაზე ბელარუსიდან რუსეთის იერიშის ალბათობა დაბალი რჩება

ომის კვლევის ინსტიტუტის (ISW) 20 ოქტომბრის ანგარიშის მიხედვით, უკრაინაზე ბელარუსიდან რუსეთის იერიშის ალბათობა დაბალი რჩება, მიუხედავად იმისა, რომ უკრაინის მაღალჩინოსნები საუბრობდნენ ამ საფრთხის ზრდის შესახებ.

აქამდე, უკრაინელმა ბრიგადის გენერალმა, ოლეკსი გრომოვმა თქვა, რომ ბელარუსიდან რუსეთის განახლებული თავდასხმის რისკი იზრდებოდა. მისი თქმით, რუსეთის შეიარაღებული ძალები შესაძლოა თავს დაესხან უკრაინის ჩრდილო-დასავლეთს, რათა შეაფერხონ დასავლელი პარტნიორების მიწოდებული დახმარების გადაადგილება. ISW-ს ანგარიშის მიხედვით, ასეთი ქმედებები ნაკლებადაა სავარაუდო მომდევნო თვეებში, რუსეთის სამხედრო შესაძლებლობების ნაკლებობის გამო. ამას გარდა, როგორც ანგარიშშია აღნიშნული, ამ რეგიონებში მდებარე რკინიგზის დაზიანება უკრაინის მომარაგებას დიდ ზიანს ვერ მიაყენებს, რადგან ქვეყნის სარკინიგზო ქსელი კარგადაა გადაჯაჭვული პოლონეთის, რუმინეთის, სლოვაკეთისა და უნგრეთის ხაზებზე. ამას გარდა, აღნიშნულია რუსი სამხედრო ბლოგერის სიტყვები, რომლის მიხედვითაც, ბელარუსში მყოფი რუსული ძალების რიცხვი კიევზე საფრთხის შესაქმნელად ცოტაა.

ამასთანავე, თეთრი სახლის უსაფრთხოების საბჭოს სპიკერმა, ჯონ კირბიმ თქვა, რომ ბელარუსმა, შესაძლოა, საკუთარი ძალები უკრაინის საზღვართან განათავსოს, რათა მათი ჯარები ჩრდილოეთით გაიტყუონ და მათ სამხრეთ და აღმოსავლეთ უკრაინაში, ფრონტის დაძაბულ მხარეს განლაგებას ხელი შეუშალონ.

ISW-ს ანგარიშში ნათქვამია, რომ რუსეთი, სავარაუდოდ, აგრძელებს კახოვკას ჰიდროელექტროსადგურზე თავდასხმას ცრუ დროშის ქვეშ და ემზადება ძალების მდინარე დნეპრის დასავლეთ სანაპიროდან გადაყვანისთვის, უკრაინის კონტრშეტევის მოლოდინში.

კომენტარები