ტრაგედია ვაკის პარკში

ადვოკატი: ფურცხვანიძეს გაუკვირდა დაკავების ამბავი, სხვა თანამშრომლებიც გაოგნებულები არიან

ლაშა ფურცხვანიძე
კადრი ვიდეოდან/მთავარი

გრინსერვის პლუსის თანამშრომლებისა და კომპანიის დირექტორის, ლაშა ფურცხვანიძის ადვოკატის თქმით, მისი დაცვის ქვეშ მყოფები თავს დამნაშავედ არ ცნობენ და დოკუმენტაციის გაყალბებასთან, ან არასწორად შესრულებულ სამუშაოებთან შემხებლობა არ აქვთ. ვაკის პარკის შადრევანში დენის დარტყმის შედეგად დაღუპული მოზარდის საქმეზე 9 პირი, მათ შორის გრინსერვის პლუსის დირექტორი და 2 თანამშრომელი გუშინ, 18 ოქტომბერს დააკავეს.

"შევხვდი ლაშა ფურცხვანიძეს. იგი დგას მყარად, როგორც მართალი კაცი, ის ნამდვილად მართალია. გავესაუბრე, დეტალები გავიარეთ. ჯერ ბრალი და საქმის მასალები არ გადმომცემია და საქმეს დეტალურად ვერ ვიცნობ. მას გაუკვირდა დაკავების ამბავი. დღეში სამჯერ მიდიოდა გამოკითხვაზე და თუ დასაკავებელი იყო, მივიდოდა და დააკავებდნენ. რამ გამოიწვია სამსახურში, ოფისში მისი დაკავება, გაუგებარია. ჩვენება, ყველაფერი გამოძიებისთვის დეტალურად აქვს მიცემული. იგი თანამშრომლობდა და გააგრძელებს თანამშრომლობას. მისი ბრალეულობა არაფერი არ არის“, – ამბობს საზოგადოებრივი მაუწყებლის ცნობით, ადვოკატი მამუკა ბლიაძე.

ადვოკატის მტკიცებით, პროექტი რამდენჯერმე შეიცვალა და ამაზე თბილისის მერია ინფორმირებული იყო. მისივე თქმით, სამუშაოების დასრულების შემდეგ შემოწმება სამი დღის განმავლობაში მიმდინარეობდა.

"მერიასთან შეთანხმებული იყო, რაც იცვლებოდა, ცვლილების შემდგომ მიმდინარეობდა სამუშაოები. მერე დატესტეს, სამი დღე იმუშავეს, ეს ყველაფერი დაიტესტა, ტელევიზიამაც გადაიღო. ფურცხვანიძე თავის ბრალეულობას ამ საქმეში ვერაფერს ვერ ხედავს. გაოგნებულია თვითონაც, არაფერი პრობლემა არ უნდა შექმნოდა. ასევე გაოგნებულია გრინსერვისის ორი თანამშრომელი, ვისაც მე ასევე ვიცავ. მათ არანაირი შემხებლობა არ ჰქონიათ, თითქოს ექსპერტები აიძულეს, რომ ყალბი დასკვნა გაეკეთებინათო, ეს აბსურდია“, – ამბობს მამუკა ბლიაძე.


ვაკის პარკის შადრევანში დენის დარტყმის შედეგად დაღუპული მოზარდის საქმეზე 9 პირი დააკავეს. მათ შორისაა მერიის გარემოს დაცვის საქალაქო სამსახურის უფროსის მოადგილე, გრინსერვისის დირექტორი და ორი თანამშრომელი, მშენექსპერტის დირექტორი და ინსპექტორი. ასევე, შპს ნიუ მეტალ დიზაინის წარმომადგენელი და მათ მიერ დაქირავებული ორი ელექტროშემდუღებელი. სამინისტროს მტკიცებით, შესაძლებელია გაფართოვდეს ბრალდებულ პირთა წრე.

გამოძიების ცნობით, მერიის გარემოს დაცვის საქალაქო სამსახურის უფროსის მოადგილემ გრინსერვისის მენეჯერს სთხოვა, შადრევანში მდებარე ელექტროძრავიდან გამომავალი შავი ფერის წყლის მილები შეეფუთათ უჟანგავი, თეთრი ფერის კონსტრუქციით. გრინსერვისის დირექტორის ლაშა ფურცხვანიძის გადაწყვეტილებით, ამ სამუშაოს შესრულება დაუკვეთეს მათივე ქვეკონტრაქტორი ფირმის - ნიუ მეტალ დიზაინის წარმომადგენელს. 

შსს-ს ცნობით, ნიუ მეტალ დიზაინის დაქირავებულმა ელექტროშემდუღებლებმა სამუშაოს წარმოების დროს დაარღვიეს უსაფრთხოების ნორმები, კერძოდ: წყლის მილებზე, უჟანგავი ლითონის კონსტრუქციის მორგების მიზნით, მოხსნეს ელექტროძრავის შესაფუთი ლითონის ცხაური, რომლის კვლავ დამაგრებისას, ბეტონის ზედაპირსა და ცხაურს შორის მოაყოლეს ელექტროსადენი, რის შედეგადაც დაზიანდა სადენის იზოლაცია. სამუშაოები გრინსერვისის დირექტორმა შესაბამისი ინსპექტირების ჩატარების გარეშე წარუდგინა მერიის საქალაქო სამსახურს, ხოლო მერიის გარემოს დაცვის სამსახურის უფროსის მოადგილემ ჩაიბარა ასევე ინსპექტირების გარეშე.

"თავის მხრივ, გრინსერვის +-ის ქვეკონტრაქტორი ფირმის წარმომადგენელმა - ლ. ჭ.-მ არ გადაამოწმა თავის მიერ დაქირავებული ელექტროშემდუღებლების შესრულებული სამუშაო, ხოლო, გრინსერვის + - ის საქმეთა მწარმოებელმა არ გაუწია შესაბამისი კონტროლი აღნიშნულ საქმიანობას. ხსენებულ პირთა მიერ თავიანთი მოვალეობის ჯეროვნად შესრულების შემთხვევაში, გამოვლენილი იქნებოდა ელექტროსადენის დაზიანების ფაქტი და თავიდან იქნებოდა აცილებული დამდგარი შედეგი" - თქვა მინისტრის მოადგილემ საგანგებო ბრიფინგზე.


13 ოქტომბერს ვაკის პარკის შადრევანში შესულ სამ მოზარდს დენმა დაარტყა. მათგან ერთი, მარიტა მეფარიშვილი კლინიკაში მიყვანიდან მალევე გარდაიცვალა. ექიმის ცნობით, ის კლინიკაში გულის გაჩერებით შეიყვანეს.

12 ოქტომბერს მერიამ გაავრცელა ინფორმაცია, რომ თბილისის მერიის გარემოს დაცვის საქალაქო სამსახურმა ვაკის პარკში არსებული მცირე კასკადისა და მრგვალი შადრევნის რეაბილიტაცია დაასრულა.  მერიის ინფორმაციით, რეაბილიტაციის ფარგლებში, მთლიანად შეიცვალა წყალმომარაგების სისტემა – დამონტაჟდა თანამედროვე ტექნოლოგია, რომელიც ავტომატიზებულია. ასევე, მოეწყო განათების სისტემა. 

ევროპული საქართველოს წევრის, ბესიკ დონაძის მიერ გავრცელებული მიღება-ჩაბარების აქტის თანახმად, თბილისის მერიამ ვაკის პარკის ტერიტორიაზე არსებული შადრევნების და კასკადის სარეაბილიტაციო სამუშაოები შპს გრინსერვისისგან 26 აგვისტოს ჩაიბარა. დოკუმენტს თბილისის მერიის მხრიდან ხელს აწერს გარემოს დაცვის სამოქალაქო სამსახურის უფროსი გიგა გიგაშვილი, გარემოს დაცვის საქალაქო სამსახურის მწვანე ლანდშაფტის დაგეგმარების განყოფილების უფროსი ლექსო უტიაშვილი და ამავე სამსახურისგარემოსდაცვითი მართვის განყოფილების მეორე კატეგორიის უფროსი სპეციალისტი იუზა წერეთელი, ხოლო შემსრულებელი კომპანიის მხრიდან გრინსერვისის დირექტორი ლაშა ფურცხვანიძე. დოკუმენტში წერია, რომ მერიის საქალაქო სამსახურმა სარეაბილიტაციო სამუშაოები ინსპექტირების ორგანოს, მშენექსპერტის ანგარიშით დადასტურების შემდეგ ჩაიბარა.

კომენტარები